პუბლიკაციები
იმამ შამილი: „ვნანობ, რომ უწინ რუსეთს არ ვიცნობდი და მასთან მეგობრობას ვერ ვპოულობდი...“ („საქინფორმის“ ანალიტიკური მიმოხილვა – ნაწილი პირველი)

imam_shamilუფალმა მშობლები გვიბოძა, ხოლო მეგობრებს, ისევე, როგორც პრეზიდენტებს, თავად ვირჩევთ. და მხოლოდ დრო განსაზღვრავს, რამდენად მართებული არჩევანი გავაკეთეთ.

საქართველომ „ვარდების რევოლუციის“ მერე საბოლოოდ გააკეთა არჩევანი, როცა ხმამაღლა გამოაცხადა აშშ თავის მეგობრად. შტატებმა ეს მეგობრობა მოწყალედ მიიღეს, როგორც მოცემულობა, რადგან საკმაოდ ბევრი დააბანდეს უწინდელი რეჟიმის მორყევასა და ახლის გამარჯვებაში. ოპოზიციის მომზადებაში მონაწილეობდნენ არა მარტო ფონდები (ჯერ მარტო სოროსი რად ღირს!) და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ამერიკელი დიპლომატებიც. საქართველოს სახით კი პატარა, მაგრამ ერთგული მეგობრის ყოლა არა მარტო სასიამოვნო, არამედ მომგებიანიც არის, თუ მის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. კაცმა არ იცის, რაში გამოგადგება! იმიტომ კი არა, რომ ამერიკა ასეთი ანგარებიანია, თუმცა არც მთლად უამისობაა, არამედ იმიტომაც, რომ რასაც ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობასა და სიყვარულს ვუწოდებთ, სინამდვილეში ურთიერთხელსაყრელი ინტერესებია. საზოგადოდ, თანამედროვე მსოფლიოში არავის არავისთვის სცხელა, ყველა სათავისოდ მოქმედებს. გაიხსენეთ ლორდ პალმერსტონის ფრთიანი ფრაზა დედოფალ ვიქტორიასადმი მიწერილ წერილში, რომელიც შემდგომ არაერთხელ გაუმეორებია დედოფალს: „მუდმივი არც მტრები გვყავს და არც მეგობრები, ჩვენ მხოლოდ მუდმივი ინტერესები გვაქვს“.

 

მაშ, რა ინტერესები აერთიანებთ სერიოზული პრობლემებითა და დიდი ვალებით დახუნძლულ პატარა საქართველოსა და დღეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სახელმწიფოს –აშშ-ს? რას ვეძებთ დასავლეთში და რატომაა, რომ მოხუცი ევროპა გულღიად გვეგებება?

„ვის წინააღმდეგ ვმეგობრობთ, გოგონებო?“ – დაინტერესდა ერთხელ არაჩვეულებრივი მსახიობი ფაინა რანევსკაია, კულისებში მხიარულად მოჩურჩულე და კმაყოფილი მეგობრების შემხედვარე. საეჭვოა, „გოგონებს“ გულახდილად ეპასუხოთ, აი მეგობარ ქვეყნებს კი თამამად შეუძლიათ საბურველი მოხსნან „პოლიშინელის საიდუმლოს“, რადგან ის ყველასთვის ცნობილია: რაღა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ!

საიდუმლოს არც ის წარმოადგენს, რომ ჩვენი „ვესტერნიზმი“ უტილიტარული ხასიათისაა. ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას ძალიან სჭირდება ინვესტიციები და ბიუჯეტის შევსება. ამაზე უარი არავის უთქვამს. ვაშინგტონი ყოველწლიურად ეხმარება თბილისს მილიონობით დოლარით „ეკონომიკის მხარდასაჭერად“, რაც სინამდვილეში შეიარაღებასა და მთავრობის, პარლამენტარებისა და ძალოვანების მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფას ხმარდება... აპრილში აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში ამერიკა საქართველოს 90 მლნ დოლარს გამოუყოფს სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში ანალოგიური მიზნებით ამერიკამ 200 მლნ დოლარი გამოყო. ქართულმა ოპოზიციამ ეს მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ „ყვითელ ბარათად“ აღიქვა, აქაოდა, ახალი სუბსიდიები ნიშნავს, რომ უწინდელი ფინანსური დახმარება არაეფექტიანად იქნა გამოყენებული და არამიზნობრივად გახარჯული.

სხვათა შორის, უცნობია, რამდენ ხანს იქნება ჩვენი ქვეყანა ამერიკელების იმედად. საეჭვოა, აშშ-ის კონგრესმა ხანგრძლივად არჩინოს, მართალია, მეგობარი, მაგრამ მაინც, უცხო ქვეყანა.

2011-2013 წლებში საქართველო ევროკავშირისგან 180.29 მლნ ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, სახსრები დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და ქვეყანაში სახელმწიფო ადმინისტრირებისა და იუსტიციის სფეროში რეფორმების გაგრძელებას მოხმარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დასავლეთის მიერ გამოგზავნილი სოლიდური თანხების ხარჯვა კარუსელებზე, ლუნა-პარკებზე, ფერად მომღერალ შადრევნებზე, ეგზოტიკური ხეების, ბამბუკის ბუნგალოების განათებასა და სხვა მშვენებებზე, რაც ჰარმონიულად ერწყმის მხოლოდ განვითარებული ქვეყნების და არა უზარმაზარი საგარეო ვალების მქონე ჩვენი სახელმწიფოს ინტერიერს. 31 მაისის მდგომარეობით ეს ვალი 4 176 172 000 აშშ დოლარს შეადგენდა: საქართველოს მიერ სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ჯამი – 3 656 000 აშშ დოლარი, ხოლო ევრობონდების ვალი – 564 750 000 აშშ დოლარია.

ასე რომ, კარუსელებისა და ათასგვარი ბუნგალოსათვის ნამდვილად არ გვცხელა.

 

ინტერესების ბარტერი. ბორტს მიღმა

საქართველო ამერიკის, ისევე, როგორც ევროპის, სახით არა მარტო სპონსორს, არამედ მთავარ მოსამართლესა და დამცველს ხედავს, რომელიც აუცილებლად დაეხმარება მისი ტერიტორიებიდან ჩამოჭრილი მიწების დაბრუნების პროცესში და რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტიც იქნება. საკუთრივ, სწორედ ამით აიხსნება მისი ნატოსკენ სწრაფვა. მოლოდინმა ხომ ყველაფერში არ გაუმართლა. ახლახან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მიიღო. დოკუმენტი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობას ეხება და ამ რეგიონებზე ჩვენი უფლებების აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, შტატებიცა და ევროპის ქვეყნებიც ყველა დონეზე მუდმივად უცხადებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, აშკარად კიცხავენ რუსეთს საქართველოს ორი მეამბოხე რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. თუმცა სინამდვილეში შიდაქართული კონფლიქტი არც იმდენად აღელვებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაიფუჭონ და, მით უფრო, ომი გამოუცხადონ.

ამის მტკიცებულება 2008 წლის აგვისტოა. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულად გამოყენებისათვის კი დაგმეს, მაგრამ, არსებითად, ეს მხოლოდ რიტორიკა იყო და არა ის, რის იმედიც გვქონდა. იმ ომში აშშ და დასავლეთი განზე გადგნენ, ხელშესახები დახმარება არ გაუწიეს მეგობარსა და პარტნიორს, რომელსაც ილუზიები ჰქონდა, რომ ვაშინგტონი მხარში ამოუდგებოდა. მართალია, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყიდან საქართველოში ქართველი ჯარისკაცები ჩამოიყვანეს, მაგრამ სამშობლოში მათი გადმოსხდომის მომენტისათვის ომი უკვე წაგებული იყო.

აი, ჩვენი წვლილი კი აშშ-ის სამხედრო მისიაში სულ სხვა იყო. ჩვენი ბიჭების ერაყსა და ავღანეთში, თანაც, მის ყველაზე სახიფათო პროვინცია გილმენდში, გაგზავნა ერთგვარი ხარკის გაღება იყო: დახმარება დახმარების წილ. ეს აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე ერაყში ერთმა ქართველმა კაპრალმა გაახმიანა „The New York Times“-თვის მიცემულ ინტერვიუში: „ჩვენ, როგორც ჯარისკაცები, აქ ამერიკელ ჯარისკაცებს ვეხმარებით. შემდგომში კი ამერიკა, როგორც ქვეყანა, ჩვენს ქვეყანს დაეხმარება“.

თუმცაღა დახმარების წილ დახმარებას ადგილი არ ჰქონია. სამაგიეროდ, შეგვაქეს. საზღვაო ქვეითი ჯარის გენერალმა ავღანეთში ქართველების სამსახურის შეფასებისას აღნიშნა: „ქართველებს უყვართ ომი“. საეჭვოა, მებრძოლის სულისკვეთების გამო მიღებული ქათინაური უცხო ომში დაღუპული ქართველი ბიჭების სიცოცხლედ ღირდეს...

ამავე დროს, მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი მეგობრობა სულ უფრო მეტად ემსგავსება პოლიტიკური თამაშების, ინტრიგების, ურთიერთობების ეშმაკურად დახლართულ გორგალს, რომლის გახსნაც არც ისე იოლია.

დავიწყოთ იქიდან, რომ ცნება „მეგობრობამ“ გარკვეულწილად სამომხმარებლო ხასიათი შეიძინა. მეგობრობენ არა მარტო ვისამე წინააღმდეგ, არამედ რაღაცის გამოც. კერძოდ, ძალაუფლებისათვის. ამერიკელმა კონგრესმენებმა რესპუბლიკური პარტიიდან საქართველოში სტუმრობას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების შესამჩნევი დათბობის შემდეგ მოუხშირეს, რამაც, სხვათა შორის, ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია: აქაოდა, ჩვენთან ისე ჩამოდიან, როგორც თავიანთ კოლონიაშიო. ლეიბორისტები მათ „მიშასმენებს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ მათ, ქვეყნის ამგვარი მდგომარეობის შემყურე, „ერთი შენიშვნაც კი არ გამოუთქვამთ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ“. სამაგიეროდ, კონგრესმენებს სხვა ამოცანა აქვთ – მათთვის ძალზე მნიშნელოვანია იმის ცოდნა, რა რეაგირება მოახდინეს აქ ობამას მიერ მოსკოვისკენ გადადგმულ ნაბიჯზე. ის, ვინც რესპუბლიკელთა პოლიტიკური მოწინააღმდეგის საქციელს გაკიცხავს, ამერიკის ნამდვილი მეგობარი იქნება.

ჩვენი ზოგიერთი ოპოზოციონერის ლოზუნგიც ასეთია: „ყველა, ვისაც დღეს სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოშორება სურს, საქართველოს ნამდვილი მეგობარია!“

ერთგული და ყველაფრისთვის მზადმყოფი საქართველოს ხელში ჩაჭერის შემდეგ ამერიკამ უცებ პირი რუსეთისკენ იბრუნა. მათი ურთიერთობების რეალურად „გადატვირთვის“ შემდეგ, რამაც, ობამას აზრით, სარგებლობა მოუტანა არა მარტო ორ ქვეყანას, არამედ, რაკიღა დაძაბულობა შეამცირა, ევროპასაც, აქტიურად გრძელდება ვექტორი ურთიერთობებში დეგრადაციით დაღდასმული წარსულიდან მომავლისკენ. დღეს მოსკოვისა და ვაშინგტონის კონტაქტებს უპრეცედენტო ხასიათი აქვს, თანამშრომლობა ღრმავდება. ახლახან, მაგალითად, ატლანტის ოკეანის ამერიკულ სანაპიროზე დასრულდა სამხედრო-საზღვაო წვრთნები „ფრუქუს-2011“, რომელშიც აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მონაწილეობდნენ. ეკიპაჟები ხვეწდნენ მზობას, ოპერატიულად და შეთანხმებულად ემოქმედათ საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში მშვიდობისმყოფლური ოპერაციებისას.

ევროპის კავშირმაც გადაწყვიტა, ტოლი არ დაედო ამერიკისათვის. ის და რუსეთი 5-წლიანი ვიზების გაცემაზე შეთანხმდნენ და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც კი საუბრობენ. არა, რა თქმა უნდა, ევროკავშირი საქართველოსაც არ ივიწყებს და ასოცირებული წევრების კატეგორიაში მის შეყვანასაც პირველ რიგში აპირებს. ეს, ცხადია, დიდი წინგადადგმული პოლიტიკური ნაბიჯია, ოღონდ გაუგებარია, რას უნდა ნიშნავდეს – ცნება „ასოცირებული წევრობა“ ევროკავშირის საბაზო დოკუმენტებში საერთოდ არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს ევროკავშირთან ასოცირების ნაირგვარი შეთანხმება. თუმცა არა უშავს, ეგებ პოპულარული ენით შემდეგ განგვიმარტონ კიდეც. მთავარია, რომ პირველები ვართ.

რაც შეეხება ევროპას, ის კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვიტოს ოკუპაცია და დააბრუნოს რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან იმ პოზიციებზე, რაც კონფლიქტამდე ეკავათ. ამასთან, ეს ისე კეთდება, რომ რუსეთი თავისი აბეზარობით მაინცდამაინც არ გაანაწყენოს.

„დასავლეთს სჭირდება აშშ და რუსეთიც როგორც ბუნებრივი რესურსების მიმწოდებელი“, – გაენდო ამასწინათ იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„დასავლეთს სჭირდება რუსეთი, რათა ირანის ბირთვულ საფრთხეს დაუპირისპირდეს“, –ციტირებულია სტრატეგიულ საკითხებში ელისეს სასახლის მრჩეველ ფრანსუა რიშიეს სიტყვები „WikiLeaks“-ის მიერ გამოქვეყნებულ 2008 წლის 5 სექტემბრის ერთ-ერთ საიდუმლო დეპეშაში, რომლის ადრესატიც ნატოში აშშ-ის წარმომადგენელი კურტ უოლკერია.

ერთი სიტყვით, ყველას ძალიან სჭირდება რუსეთი; ყველას – საქართველოს გარდა. პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა მსოფლიოსთვის იმის მტკიცებას განაგრძობს, რომ რუსეთთან ცივი ომის მსვლელობისას მისი პოზიციები არსებული ხელისუფლების პირობებში ურყევია. და რომ ვერავინ შეაჩერებს მის „მშვენიერ აღგზნებადობას“.

ამის გაკეთებას არც არავინ აპირებს. ამერიკელებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ხელისუფლების სათავეში იმისთვის როდი მოუყვანიათ, რომ საქართველო მის მეზობელ რუსეთთან დაახლოონ. საქართველო მათ პლაცდარმად ესაჭიროებათ, რუსეთთან ცივი ომის უკანასკნელ ჯებირად; სათადარიგო გზად, სადაც ჯავშანმატარებელი უნდა იდგეს, ყოველი შემთხვევისათვის...

 

(გაგრძელება იქნება)

მოამზადეს: დიანა შერეშაშვილი, ელენე დიასამიძე