პუბლიკაციები
რეზო ამაშუკელი: „ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთის მონები ვიყავით. მე მონად თავი არასდროს მიგრძვნია, თავს ქართველად ვთვლიდი! მეც ბევრი რამ არ მომწონდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ჩემს სარწმუნოებას არავინ ეხებოდა!“

amashukeli_rezo2საქინფორმის სტუმარია ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი.

21 ივნისს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში მისი პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტს 75 წელი შეუსრულდა, თუმცა ის ამ პოეზიის საღამოს იუბილეს არ უწოდებს. „თქვენ შეგიძლიათ ებრძოლოთ, ვისაც გინდათ; გნებავთ – ლენინს, ძერჟინსკის, სვერდლოვს, მაგრამ როგორ შეიძლება იმ ერის წინააღმდეგ იბრძოლო, რომელმაც მსოფლიო კულტურის საგანძურში უშველებელი წვლილი შეიტანა?!“ – ბრძანა პოეტმა და პუშკინისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა.

– ბატონო რეზო, გილოცავთ 75 წლისთავს, გისურვებთ დიდი ხნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, თქვენებური შეუპოვრობით სარწმუნოების, ერისა და საქართველოს თვითმყოფადობის სადარაჯოზე დგომას. საქართველოს სიმართლის მთქმელიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. თქვენ რუსული კულტურისა და რუსი ხალხის მიმართ კეთილი განწყობის გამოხატვას არ ერიდებით. „ნაციონალი ჟურნალისტებისა“ და ე.წ. ინტელიგენციისგან თავდასხმას არ ელით?

–  კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი საღამოს გამართვას. შინაგანად მონატრებული ნამდვილად ვიყავი, თუმცა ასაკისა და ჯანმრთელობის გამოც... კაცმა არ იცის, კიდევ როდის შევძლებ საღამოს გამართვას. მიუხედავად ამისა, რაც 26 მაისს მოხდა, მას შემდეგ უზნეობად მიმაჩნია იუბილეზე საუბარი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე „შავები უნდა ჩავიცვათ“. მომავლის, შთამომავლობისთვის ბრძოლაც ისევ უნდა გავაგრძელოთ. ადამიანებისთვისაც უცხო არაფერია, სიცოცხლე გრძელდება, ოღონდ არა ის ტაშფანდურები, სიშიშვლე და გარყვნილება, რაც ტელეეკრანიდან „იმედზე“ ჩანს. დღევანდელი „იმედი“, ისევე, როგორც „ხალხზე გამარჯვებული ტელევიზია“ – „რუსთავი 2“, არის გარყვნილების ბუდე. ის – ბუხარში ჩავარდნილ მაჯლაჯუნას რომ ჰგავს, ეროსი კიწმარიშვილი, მაგან არ დაიწყო ყველაფერი ამ ტელევიზიით? ახლა მიყვება, რომ თურმე დემოკრატიის ხარისხი მანამდე უფრო მაღალი იყო. მაგან არ აურია გონება ახალგაზრდებს და მისი ტელევიზიით არ რყვნიდნენ ქართველობას? რაც შეეხება რუსული კულტურის ღიად პატივისცემას, თქვენგან ამ კითხვის დასმა უხერხულად კი მიმაჩნია. როგორ შეიძლება თანამედროვე განათლებულ ადამიანად თვლიდე თავს და რუსული კულტურის წინააღმდეგ წამოგცდეს რამე? თქვენ შეგიძლიათ ებრძოლოთ, ვისაც გინდათ. გნებავთ – ლენინს, ძერჟინსკის, სვერდლოვს, მაგრამ როგორ შეიძლება იმ ერის წინააღმდეგ იბრძოლო, რომელმაც მსოფლიო კულტურის საგანძურში უშველებელი წვლილი შეიტანა? ვისაც ტოლსტოი, დოსტოევსკი, პუშკინი არ წაუკითხავს, მისი კულტურა არ იცის, როგორც ადამიანს, ვერ დაველაპარაკები. გმირობასაც ტყუილად ნურავინ დამაბრალებს. ვინ კაცად თვლის თავს და სამშობლო უყვარს, მან უნდა გაბედოს ეს ყველაფერი, რადგან სამშობლო ხელიდან გვეცლება. ქართველი თუ აღარ იქნა, ხვალინდელი დღეც ან ამათი დემოკრატია და საარჩევნო გარემოც რა ჯანდაბად მინდა?!. 

–  ერთ-ერთი ბრძანდებით, ვისაც დღევანდელ პირველ პირებთან შეხების წერტილი ადრე ჰქონია და სათქმელის პირში თქმას ბედავს. თქვენი შეუპოვრობის, უშიშრობის, აღნიშნავენ, რომ, უხეში ხასიათის მიუხედავად, თქვენზე „კომპრომატები“, გარდა გამსახურდიასადმი მიუმხრობლობის, „მოქკავშირთსა და შევარდნაძის გვედზე დგომისა , სხვა ვერ მოგინახეს. რა გაძლევთ ამდენის გაბედვის უფლებას?

–  ესენი ქართველობის მოსასპობად მოეთრნენ. ამ ფოლკლორსაც ეს სააკაშვილი იმიტომ უფრთხილდება, რომ გასიებული უცხოელების წინ ხის ხანჯლებით აცეკვოს ქართველობა. ამ ძეგლებსაც მათ გასართობად უვლის. უცოდველი არავინაა, მაგრამ ვერავინ დამწამებს, რომ ხალხის ხარჯზე რამე მიშოვნია. ასე რომ იყოს, ესენი „ცხვირში ამომადენდნენ“ აქამდე. თუმცა ადამიანის პატიოსან ცხოვრებაშიც სატრაბახო არაფერია. არ ვამბობ, რომ „კრავი ვარ“. მიქეიფია, დავმთვრალვარ კიდეც, კაზინოშიც ვყოფილვარ, მაგრამ მაგათთან შედარებით, რასაც ეგენი კადრულობენ... გარყვნილები არიან და თავისნაირ გარყვნილებად უნდათ საქართველოს გადაქცევაც. მეზიზღებიან. მაგათ თავიანთი გამზრდელი – ვინც ეგენი კაცებად აქცია, ჟვანია გაიმეტეს, მოკლეს და მიწაში ჩაფლეს. ახლა ყველა ჩუმადაა, დაწყებული მაჭავარიანით, ბარამიძით, გოგორიშვილით... დადიან გასიებული მუცლებით , ვითომ არაფერი მომხდარა... არც მეგობრობა იციან და არც არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემდი და მიყვარდა ზურა, ლომის წილი, რაც მოხდა საართველოში, მისი ბრალიაცაა. მან და სომხურმა ლობიმ და არა შევარდნაძემ მოიყვანა სააკაშვილიც.  

„მოქკავშირს“ რაც შეეხება – ქობალია თბილისს რომ მოადგა, სამოქალაქო ომი გარდაუვლი იყო. მაშინ „მოქკავშირიც“მე დავარქვი (ერთი დედაკაცი რომ იბრალებდა – „ბატონო ედუარდ, რამდენი ვიფიქრეთ სახელის დარქმევაზეო“...), საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების გამაერთიანებელი რომ ყოფილიყო. ეს რეფორმატორები მერე მოეთრნენ და მილიარდები იშოვნეს. ვინც მანამდე „მოქკავშირში“ იყო, ყველა გაყარეს. ზოგიც გარდაიცვალა.

შევარდნაძე ცეკას მდივანი რომ იყო, პირველი მე ვედექი კრიჭაში. როცა დაბრუნდა, ჩემი რწმენით, იმ პერიოდში იხსნა საქართველო. ჩემი საღამოც მთლიანად პროტესტი იყო. „აგიტბრიგადის“ დარტყმებს რაც შეეხება – მაგის რომ მეშინოდეს, პირს საერთოდ არ გავაღებდი. „ბუდიდან გადმოვარდნილი ყინტორა ბახალას მსგავსი“ მასხარაშვილის უნდა მეშინოდეს? აი, ამათ ამზადებენ მომავალი პარლამენტისთვის და ამ იდიოტსაც ქუთაისშიც ამიტომ გადააქვს... თბილისს პროტესტის მუხტს აცლის. ეგეც დაშნაკების პროექტში იდო – თბილისისთვის ყველაფერი ქართული რომ მოეცილებინათ. ყველაფერს აკეთებს, რასაც სომხური ჰქვია. ადრეც ვთქვი: „ქართული საქმეები რომ ეკეთებინა, მაგისი სომხობა ვის გაახსენდებოდა?“

თავდასხმებს რაც შეეხება – „ხახვი არ დამაჭრან ყურებზე“! ვინც მაგის მხარეზე „ღიღინებს“ (გვარებს არ ჩამოვთვლი), მათ შორის, ჩემი ყოფილი მეგობრები – ამ ფულში არიან. მოვა ეგ დროც. ქართველი ხალხი ამათ ყველაფერს ცხვირში ამოადენს. მომღერალი იქნება თუ მოტლიკინე, სხირტლაძეა თუ მაო ძედუნის ბიძაშვილი, კაცმა რომ არ იცის, ვინ არის... კიდევ ბევრია მანდ ასეთი...      

–  თქვენი პოეზიის საღამოზე დარბაზში ტევა არ იყო. საზოგადოება მონატრებულია იმ თბილ, თბილისურ საღამოებს, ადამიანურ ურთიერთობებს, რაც ნაციონალებმა მოსვლის შემდეგ მოშალეს, „ღამის შოუებით“, ასეთივე პოეზიითა და ხელოვნებით ჩაანაცვლეს. თქვენი საღამო იქ მყოფმა საზოგადოებამ ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ საპროტესტო აქციად აღიქვა. ხელისუფლებას ალბათ ამაზე საპასუხო რეაქციაც ექნება, პირველ რიგში, საგაზეთო პუბლიკაციებით და ვითომ ინტელიგენციის შეფასებებით. ავტორიტეტული ადამიანების წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაც ამათი ხელწერაა. გაილანძღა მერაბ ბერძენიშვილი, რობერტ სტურუა ლამის „ანათემას გადასცეს“– ქსენოფობობაში სდებენ ბრალს. სტურუამ თქვა – არც სომეხი, არც ფრანგი და არც ამერიკელი მინდა პირველ პირადო. რატომ აქვს გივი თარგამაძეს პატარკაციშვილისთვის ურიას წოდების უფლება და რობერტ სტურუას კომენტარი რატომ არის ქსენოფობობა? ნოდიამ კვესიტაძესთან ახსნა – „სააკაშვილი სომეხია, მაგრამ – ფარული სომეხიო“. „ფარული სომხობის“ წოდება უარესი ქსენოფობობა არ არის?

–  ამ თემაზე საუბარი და კვესიტაძის გადაცემაზე კომენტარი საერთოდ აფსურდად მიმაჩნია. „ასავალ-დასავალის“ ჩემს ინტერვიუშიც ვამბობ: „რობერტ სტურუას მთელი ცივილიზებული და კულტურული მსოფლიო მიმართავს როგორც სერ რობერტ სტურუას. ამ ბოკერიას მანგუსტას კი ჰყავს სირი ბოკერია და მეტი ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ“.  

–  „ამერიკული იდეოლოგიის თავსმოხვევამ ლამის ამერიკული ჯაზიც შემაძულოსო , – ამბობთ. თქვენი საღამო ამერიკული ჯაზის ფონზე მიმდნარეობდა. შესანიშნავად აჰყევით სიმღერითაც. ამერიკასთან ერთად ამათ მოყვანაში,ლომის წილი რუსეთსაც ეკუთვნის. მაინცადამაინც ამერიკას რატომ არ სწყალობთ ასე?

–  მონობა, პირველ რიგში, ადამიანის სულიერი მდგომარეობაა. მე თავი მონად არასდროს მიგრძვნია. დღეს გაიგებთ – რუსეთის მონა ვიყავითო. ბევრი რამ მეც არ მომწონდა, მაგრამ ჩემს თვითმყოფადობას, სარწმუნოებას არავინ ეხებოდა და თავს ქართველად ვთვლიდი. მონობა სწორედ ისაა, რასაც ესენი დღეს ნერგავენ. როცა რუსეთში ჩავდიოდი, პატივს მცემდნენ როგორც ქართველს. არც ამდენი პედერასტობისა და გარყვნილების პროპაგანდა იყო და არც ამდენი ტყლარჭვა-გრეხა, დღეს რომ იგრიხებიან და იკლაკნებიან. კაცი კაცს ჰგავდა და ქალი – ქალს. ახლა რას ჰგავს, შეხედეთ. ეს არის საქართველო? ამათ ყველაფერი წაშალეს და ტალახში აურიეს.

–  „სახალხო კრებაზე“ ვისაუბროთ. 2006 წელს „ეროვნული კრების“ დეკლარაციას 2000 ღირსეულ საზოგადო მოღვაწესთან ერთად ხელი თქვენც მოაწერეთ. ფიქრობთ თუ არა, რომ 26 მაისს განვითარებული მოვლენები, აქციაზე თბილისის არგასვლა, ერთი პოლიტიკური სუბიექტის კრებასთან ასოცირებამ გამოიწვია?

–  კრებაში ბევრი ჩემი მეგობარი და პატივსაცემი ადამიანია. ნონა გაფრინდაშვილიც პატივსაცემი პიროვნებაა, კარგი მოჭადრაკეა, თუმცა პოლიტიკოსი არ არის. ალბათ ვერ ხვდება, რა თამაშშიც ჩაითრიეს. ბურჯანაძეს კი სააკაშვილსა და ნაციონალებზე არანაკლები დანაშაული მიუძღვის ამ ქვეყნის მიმართ და სანამ პირში სული მიდგას, პირობას გაძლევთ, ეგ პრეზიდენტი ვერ გახდება! ან, თუნდაც, ის „გალსტუკიანი ხვლიკი“ რომაა – თარგამაძე. რამდენი ხნის წინათ განვაცხადე, რომ ეგ სააკაშვილზე უარესია. ეგ თუ მოვიდა, მერე ნახეთ თქვენ, რასაც იზამს. ორ კვირაში შეუქმნეს და რეკლამა გაუკეთეს მაგის პარტიას. ხომ ხედავთ, გამოკითხვის რა შედეგებსაც უდებენ?!.

–  თქვენი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის, ილია მეორეს, ურთიერთობაზე ვისაუბროთ. გიყვართ და მის მიერ დაკიდებული ჯვრით დადიხართ (გამშვენებულ ჯვარს არ ვგულისხმობ). საზოგადოებაში პატრიარქის მიმართ ხელისუფლებამ მძლავრი მანქანა აამუშავა...

–  ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში კათოლიკოსი დარჩა. პოლიტიკოსების საზოგადოებას აღარ სჯერა. ფაქტობრივად, ამ ადამიანზე დგას დღეს ქართველობა და ყველაფერი, რასაც ესენი შლიან, რის განადგურებაც ამ ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მიზანმიმართულად დაიწყო. არ შეიძლება, ყველაფერი იმ ერთ ადამიანს ავკიდოთ, რომელიც მთელი ერის ტკივილსა და ტვირთს საკუთარ თავზე იღებს. საერთოდ, პატრიარქზე საუბარსაც ცოტა უნდა მოერიდოთ თქვენც – ჟურნალისტებიცა, და საზოგადოებაც. რომ არა უწმიდესი და უნეტარესი, დღეს საქართველოსაგან რაც დარჩა, ისიც არ იქნებოდა. ამიტომაც ებრძვიან ასე. სულიერება და ქართული მწერლობაა ის გადამრჩენი, რაზეც იდგა და დგას ქართველობა. ახალგაზრდობა, ახალგაზრდობა თუ არ დადგა ფეხზე, არ გამოიღვიძა და საქართველოს გადარჩენის ბრძოლას არ ჩაუდგა სათავეში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!

–  ბატონო რეზო, თქვენი საღამოს ბოლო სტრიქონებით დავასრულოთ:

– როსტომ-ხანიც გჯობს, გარყვნილო, –

ძუკნა ხარ, არა ხვადიო!..

როდემდე უნდა აყვირო

ეს ხალხი – წადი, წადიო?!

სახეზეც გამოგეყარა

ყველა ნაკლი და ზადიო,

პირში გაფურთხებს ქვეყანა:–

გადაეთრიე, წადიო!

მეც წავალ,

აღარ დავუცდი,

სავსე ქუჩებს და სტადიონს...

სამ მარცვალს მაინც

დავტოვებ –

ლალს, მარგალიტს და სარდიონს!

 

ესაუბრა სოფო ყარალაშვილი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“