საზოგადოება
აბდალაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო – დაკავებული ფოტორეპორტიორები ბრალს არ აღიარებენ

abdaladze„ალია ჰოლდინგის“ რედაქტორ დიმიტრი ტიკარაძის ინფორმაციით, დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან ერთ-ერთმა, გია აბდალაძემ, მშრალი შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ტიკარაძე გიორგი აბდალაძის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტიკარაძის განმარტებით, აბდალაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მიმართავს. მისი თქმით, აბდალაძემ არ იცის, რისთვისაა დაკავებული.

ამასთან, დაკავებულთა ადვოკატების ინფორმაციით, ფოტორეპორტიორები ბრალს არ აღიარებენ.

რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატების განცხადებით, მდგომარეობა ნორმალურია და სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი არცერთ მათგანს არ ეტყობა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის განცხადების მიხედვით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო.

აღსანიშნავია, რომ გიორგი აბდალაძე სხვადახვა გაზეთის რედაქციაში ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა. ის ომის რეპორტიორიც გახლდათ და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, ცხელ წერტილში, ცხინვალში იმყოფებოდა. სწორედ მას ეკუთვნის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოები.

საკითხავი ერთი მნიშვნელოვანი დეტალია – თუ დაკავებულებს წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ და ამ პიროვნებების მიმართ გარკვეული ეჭვები არსებობდა ჯაშუშობასთან დაკავშირებით, როგორ დაუშვა ხელისუფლებამ, რომ აბდალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში, გედენიძე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფად მუშაობდნენ?!.

 

საქინფორმი