საზოგადოება
მარინა კალიურანდი: საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის, ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე უკან, წარსულში

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ევროკომისია რამდენიმე თვეში შეაფასებს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ პროგრესს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, თუ სურს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დასამალი არ არის, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას და ევროპელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობები იყო საკმაოდ მშფოთვარე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მარინა კალიურანდის თქმით, საქართველოს მთავრობამ და უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირებები საკუთარი მოქალაქეებისთვის.

ალბათ, ყველამ იცით ევროპარლამენტის ორი რეზოლუციის შესახებ მედიის თავისუფლების დარღვევასთან, ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით. საქართველოში აპრილში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა აქვს ევროკავშირში ინტეგრაციას, რასაც მოსახლეობის 89 პროცენტი უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობამ და უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირებები არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის. შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარაა და არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება ღია ეს ფანჯარა. ის შეიძლება, სწრაფად დაიხუროს. ასე რომ, ეს ისტორიული შანსი უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ არ ვცილობთ მეურვეობას. ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც მეგობრები, როგორც პარტნიორები, როგორც თანასწორები“, – განაცხადა კალიურანდმა.

როგორც კალიურანდმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, წლების წინ საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. მისივე თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში.

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ 12 რეკომენდაციის 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და ელოდება სამართლიან შეფასებას ევროპელი პარტნიორების მხრიდან შემოდგომაზე. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ეს მოსაზრება კითხვებს აჩენს იმ ინფორმაციების გათვალისწინებით, რომელსაც ვიღებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ასევე კომისიისა და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. ფაქტია, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესი დაუსრულებელია. ასევე, უნდა ითქვას, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში. ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების კოლეგები დაიღალნენ თანამდებობის პირების და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან განცხადებების მოსმენით, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩავითრიოთ საქართველო მეორე ფრონტის გახსნაში რუსეთის წინააღმდეგ. ეს კრემლის პროპაგანდის ნაწილია. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს არ გვსურს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. თქვენს არცერთ მეგობარს არასდროს უსურვებია ჩაეთრიეთ კიდევ ერთ სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი. საქართველო უკრაინას და მოლდოვას იმიტომ არ ჩამორჩება, რომ უკან არ ახევინებს რუსეთის არმიას სოხუმიდან, ის ჩამორჩება პოლიტიკური სამართლიანობის საქმეების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის გამო, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამო, პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას უცხოელი აგენტების კანონპროექტის მიმართ. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადების გამო, რომ ლგბტ უფლებების ხელშეწყობა არის, ვციტირებ: უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე ტოლფასი. საქართველო მთავრობის მმართველი პარტიის ბუნდოვანი პოზიციის გამო რუსეთის მიმართ, რასაც ადასტურებს მთავრობის უარი, თანხვედრაში იყოს ევროკავშირის სანქციებთან. ასევე, რუსეთს და საქართველოს შორის ბოლო დროს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო“, – განაცხადა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს პოზიცია გზაჯვარედინზეა.

როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის. ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე მიდის უკან, წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მომავალი თაობის თვალში პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საერთო ღირებულებებს, ვალდებულებებს და არ არის მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე დამოკიდებული. ეს პროცესი არ გამორიცხავს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომა, რომ არ შევიდნენ პარლამენტში 2019 წელს, არ შეუერთდნენ მედიაციას. მათი მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და კონსტრუქციული მონაწილეობა 12 პრიორიტეტის შესრულებაში კვლავ არსებითია. საქართველოს ამ ორგანოში ბევრი მეგობარი ჰყავს, პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. ევროპარლამენტი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში, ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის განხორციელებაში“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.