უცხოეთი
კანადაში ხანძრისგან გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში ფრენები გადაიდო (ვიდეო)

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა კანადაში გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა (ვიდეო იხ. აქ).

მისი თქმით, ნიუ-იორკში ეს არის უპრეცედენტო მოვლენა და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ნიუ-იორკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში. ყველა მოქალაქემ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა. დახურეთ ფანჯრები, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები, ხანდაზმული თუ ხართ ან გაქვთ სუნთქვის პრობლემები, დარჩით სახლში. გარეთ გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად ატარეთ მაღალი ხარისხის ნიღბები“, – მიმართა მერმა მოსახლეობას.

კანადაში ტყის ხანძრისგან გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში ფრენები გადაიდო.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ კანადას ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებას უგზავნიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ კავშირზეა კანადის მთავრობასთან და უკვე მობილიზებულია 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე, ასევე საჭირო აღჭურვილობა.

1tv.ge