პოლიტიკა
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „საქართველოს გარეშე ევროკავშირი არ არის სრულყოფილი“

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიჰაელ როტი, რომელიც 5 ივნისიდან სამუშაო ვიზიტით თბილისს სტუმრობს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს; პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. იგი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

5 ივნისს, მიჰაელ როტმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციაც გამართა, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე ისაუბრა და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრესკონფერენციაზე მიჰაელ როტმა მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით საქართველოს მისწრაფებების მიმართ და აღიარა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის აღფრთოვანებას ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირისადმი ძლიერი სწრაფვის გამო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვალდებულებას გრძნობს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. თუმცა, მან შეშფოთება გამოხატა საქართველოს მთავრობისგან ბოლო თვეებში მიღებული გზავნილების გამო და დაინტერესდა შეესაბამება თუ არა ეს სიგნალები ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, როთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ სრულად უნდა აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ საქმეში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელება გადამწყვეტია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მან ამ გზაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ გაუჭირდა მათი გააზრება ევროკავშირის პოზიციიდან იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან მოელიან ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობას, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა. მან ასევე ხაზი გაუსვა ლგბტქი პირთა უფლებების დაცვის უდიდეს მნიშვნელობას, რადგანაც ეს შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპს. მიჰაეილ როტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დადგა დრო, რომ თბილისმა რეფორმები განახორციელოს და წინ წავიდეს. მან აღნიშნა, რომ გერმანია მზადაა „პატიოსანი შუამავლის“ როლი შეასრულოს და განაცხადა: „ჩვენ გვსურს ავაშენოთ ხიდები, მაგრამ ხიდები, რომლებიც არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვისაა მისაღები და კომფორტული, არამედ ასევე მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა 2-3 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილეებს და განაცხადა: „ადამიანები, აქ, თქვენს ქვეყანაში, ვინც ქუჩაში, ევროპული ღირებულებების გამო კარვების აქციებს აწყობენ, არ არიან კრიმინალები და მათი კრიმინალიზება არ უნდა მოხდეს“. მანვე იქვე დასძინა, რომ „თუ ისინი კანონთან სრულ შესაბამისობაში არიან, არ მესმის, რატომ უნდა იტანჯონ ციხეებში“.

კითხვაზე, თუ რას უნდა ელოდეს საქართველო ევროკავშირისგან წლის ბოლოსთვის, მიჰაელ როტმა ხაზი გაუსვა რეფორმების აუცილებლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გააფართოვა ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ და რომ ახლა ხელსაყრელი მომენტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედოს. ამასთან, მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას და დასძინა, რომ „საქართველოს გარეშე ევროკავშირი არ არის სრულყოფილი“.

მან უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის ომთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებების გამო და აღნიშნა: „…ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერის ზოგიერთმა საჯარო განცხადებამ. მე არ მესმის, რატომ ავრცელებს რუსულ ნარატივებს პოლიტიკოსი, რომელსაც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის სჯერა“. მან ამ ნარატივების გავრცელების წინააღმდეგ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი იყო რუსული არმიის უკრაინაზე თავდასხმის, ისევე როგორც 2008 წელს რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიზეზი და არა ნატო. მისი თქმით, ევროკავშირის ან ნატოს წევრობისთვის განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს მსგავსი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნების თავისუფალი არჩევანია და არა ბრიუსელის, ბერლინის ან ვაშინგტონის სტრატეგიების შედეგი.

კითხვაზე არსებობს თუ არა რაიმე სარეზერვო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, მიჰაელ როტმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ საკმარისი დროა საჭირო რეფორმების გასატარებლად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უჭერს მხარს გეგმა B-ს ცნებას, რადგანაც მტკიცედ სჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი ნამდვილად უნდა მიენიჭოს საქართველოს. მან საქართველოს მოუწოდა შეინარჩუნოს თავისი იმპულსი და მხედველობიდან არ დაკარგოს საკუთარი მიზნები.

მიჰაელ როტმა ასევე ისაუბრა „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპელ სოციალისტთა“ პარტიას შორის არსებულ დაძაბულობაზე. მისი თქმით, „მათ [„ქართულმა ოცნებამ“] დატოვეს „ევროპის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია უცნაური არგუმენტით, [რომ] ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ლგბტქი პირთა უფლებებსა და ადამიანის უფლებებზე, უნდა ვისაუბროთ სოციალურ სამართლიანობაზე“. მან განმარტა, რომ სოციალ-დემოკრატია მოიცავს არა მხოლოდ თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის კონცეფციას. ის ასევე მოიცავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას, ისევე როგორც ყველა უმცირესობის პატივისცემას – იქნება ეს კულტურული, რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს სხვადასხვა გამოწვევები არ უნდა გაიმიჯნოს, არამედ ერთიანი მიდგომაა საჭირო, რათა ჩამოყალიბდეს ევროკავშირთან დაახლოების პროგრესული და იმედისმომცემი სტრატეგია.