უცხოეთი
დენიელ ფრიდი პრემიერის განცხადებაზე - ეს მიუთითებს, რომ საქართველო უარს იტყვის მის საბოლოო მიზანზე, შეუერთდეს დასავლეთს და ეს არის ქვეყნის მთავრობის რეალური პოზიცია

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. თუკი ნატო-ს წევრობის სურვილი ასეთი ცუდია, ისეთი შეცდომაა, რომ ის ამართლებს რუსეთის თავდასხმას შენს ქვეყანაზე, მაშინ ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ამასთან, - ასე შეაფასა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა და “ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ბრატისლავაში გაკეთებული განცხადება, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ნატო-ში გაწევრიანების სურვილი დაასახელა.

ფრიდის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის პოზიცია მიუთითებს, რომ საქართველო უარს იტყვის მის საბოლოოო მიზანზე, შეუერთდეს დასავლეთს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს ფორმულირებას, რომ საქართველოს ნატოს წევრობა სურს, მაგრამ თუკი შენ მანამდე თქვი, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობის სურვილი ომის დაახლოებითი მიზეზია და გარკვეულწილად რუსეთის პროვოცირება გასაგები იყო, ეს ძირს უთხრის იმ წინა განცხადებას, რომ ნატოში წევრობით ხარ დაინტერესებული. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის რეალური პოზიცია ისაა, რომ საქართველო უარს იტყვის მის საბოლოოო მიზანზე, შეუერთდეს დასავლეთს. ამის ნაცვლად კი მოძებნის უფრო ნაკლებ ადგილს რუსეთის მიერ დომინირებულ გავლენის სფეროში. ჩვენ კი ვიცით, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში: ეს ნიშნავს სიღარიბეს, კორუფციას, იზოლაციას და ეს სამწუხაროა. კითხვა ასე ისმის, სად ხედავს „ქართული ოცნების“ მთავრობა საქართველოს მომავალს - დასავლეთთან თუ მოსკოვთან? დიახ, საქართველო რთულ გეოგრაფიულ ადგილასაა, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოს შფოთვა მოსკოვის მიმართ სინამდვილეში არათუ არ გააძლიერებს მის პოზიციებს, არამედ - დაასუსტებს". ასეთი ვედრება, თითქოსდა ქედის მოხრა კრემლის წინაშე, შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც კეთილი ნების ჟესტი და შერიგება, მაგრამ ვშიშობ, რომ კრემლისგან ეს დანახული იქნება, როგორც სისუსტის ნიშანი“,- განაცხადა ფრიდმა.

კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტის, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარისა და თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, იან ბრჟეზინსკის თქმით, პრემიერის ეს განცხადება ისტორიისა და გეოპოლიტიკის სრულებით არასწორი გაგებაა.

„ამგვარი განცხადება არა მარტო დამაზიანებელია საქართველოსთვის, არამედ ახალისებს დამატებით რუსულ აგრესიას. ნუთუ 2008 წელმა არაფერი გვასწავლა?“ - ამბობს იან ბრჟეზინსკი.

ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის კვლევების ხელმძღვანელი რობერტ ჰამილტონი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერმა რუსეთის მთავრობის მიერ ომის გასამართლებლად გამოყენებული უმთავრესი არგუმენტი გაიმეორა.

„ვფიქრობ, ვილნიუსის სამიტზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უკრაინის სტატუსი იქნება. საქართველოს იმ დიდი უმრავლესობისთვის სამწუხაროდ, ვინც ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა, საქართველოსა და უკრაინის გზები ამ პროცესში გაიყარა. 2008 წლის შემდეგ საქართველო და უკრაინა ფორმალურად სულ დანახული იყო ტანდემში, როგორც იმ ქვეყნების წყვილი, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციისკენ მიდიოდა. ეს ტანდემი გატყდა, კავშირი გაწყდა და ასე იქნება ახლო მომავალშიც.

ჩვენ არ გვესმის, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ან რაიმე დისკუსია მიმდინარეობდეს ვილნიუსის სამიტზე ნატო-სკენ საქართველოს მეტად დაწინაურებაზე. ვფიქრობ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე იგნორირებული იქნება. ეს ტანდემი შეუქცევადადაა დარღვეული. ესაა უდიდესი შესაძლებლობის გამოტოვება საქართველოსგან, რომელსაც შეეძლო თავისი კარტები სწორად ეთამაშა და უკრაინის ოფიციალურ მხარდაჭერაში მოწინავე ყოფილიყო. ესაა დაკარგული შესაძლებლობა მთავრობისთვის და ტრაგედია ქართველი ხალხისთვის, რომელიც 20 წელზე მეტია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ მის დიდ უმრავლესობას სურს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაცია“, - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა.

interpressnews.ge