სამართალი
იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინით დატვირთული ხომალდი დააკავა, რომელიც იტალიიდან სომხეთში ბათუმის პორტიდან უნდა გადაეტანათ

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. იტალიის პოლიციამ კოკაინით დატვირთული ხომალდი დააკავა, რომელიც იტალიიდან სომხეთში ბათუმის პორტიდან უნდა გადაეტანათ – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ეკვადორიდან გამოსულ გემზე 2.7 ტონა კოკაინი 78 ტონა ბანანის კონტეინერში იყო დამალული. ნარკოტიკები კონტეინერებში სპეციალიზებული სკანერების და გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.

სპეცოპერაცია კალაბრიის რეგიონში, ჯოია ტაუროს პორტში ჩატარდა. ნარკოტიკული საშუალების ღირებულება 800 მილიონი ევროა. ჯოია ტაურო ევროპის ყველაზე დიდი დანაშაულებრივი სინდიკატის, „ნდრანგეტას“ სამშობლოა.

დასავლური მედია წერს, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში ათობით მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინის ტრანსპორტირებით „ნდრანგეტამ“ სიცილიური მაფიაც კი დაჩრდილა. ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა დაჯგუფება დაკავშირებული ამ სპეცოპერაციასთან.