სამართალი
ცესკო-ს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ცესკო-ს ფორმირების წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

პარლამენტის წევრების, მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტები დეპუტატებს გივი მიქანაძემ გააცნო.

„ჩვენ გთავაზობთ ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტის ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული 52-ე და 53-ე მუხლებით, შენარჩუნებულია, ამიტომ პრეზიდენტის წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი შერჩევით პროცესში, ცვლილებას გთავაზობთ იმ კონტექსტში, რომ უფრო გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე წარედგინოს ერთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცებისთვისაც აბსოლუტურად ვიზიარებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების არსებულ პრაქტიკას და სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხუთი წლის ვადით მოხდეს ცესკო-ს თავმჯდომარის თუ წევრის არჩევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდება აღნიშნულის განხორციელება, პრეზიდენტს უნარჩუნდება უფლებამოსილება, დანარჩენი წევრობის კანდიდატებისგან შეარჩიოს მისი შეხედულებით ერთ-ერთი და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.

კანონის პროექტების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს. ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ვალდებულებას, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არსებობს ცესკო-ს წევრების, მაგრამ არ არსებობს თავმჯდომარის მიმართ. ცვლილების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეც დაექვემდებარება შესაბამის სერტიფიცირებას.

„დღეს საშიშროება, რომ არჩევნების საბოტაჟი განხორციელდეს, იმ კანონმდებლობით, რაც გვაქვს, ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, სწორედ აუცილებლობაა ამ კანონმდებლობის მიღების. პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და მოქალაქეების წინაშე გააჩნია ხელისუფლებას, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერია და რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარებას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.