აქტუალური
პრემიერი: 2008 წელს, რუსეთთან მომაკვდინებელი ომი რომ იყო, ვინმემ რამე სანქციები დაუწესა რუსეთს?!

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. 2008 წელს, რუსეთთან მომაკვდინებელი ომი რომ იყო, რატომ არ დაიწყეს ან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ან ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან პოლიტიკის გადახედვის ან სანქციების დაწესების კამპანია? ვინმემ რამე სანქციები დაუწესა რუსეთს?!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ღიად თქვა, რომ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ ისარგებლებენ საქართველოს ტერიტორიით, მაგრამ რაც შეეხება ვაჭრობას და ეკონომიკას, ეს საქართველოს ინტერესებში შედის და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა იმის, რომ სანქცირებულ კომპანიებსა და ინდივიდებს ესარგებლათ საქართველოს ტერიტორიით.

ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მეგობრებო, მინდა ჩვენი მეგობრებიც, ევროპაში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები დავამშვიდო და დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ თავიდანვე ვთქვით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ეს უბედურება, რომ ჩვენ რუსეთს არ დავუწესებთ ეკონომიკურ სანქციებს იმიტომ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებთ დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარალებთ. ეს უგუნური გადაწყვეტილება რომ გაგვეკეთებინა, ჩვენ რომ გამოვმხტარიყავით, დაგვეწყო სანქციების დაწესება და აშ.., ამით რუსეთის ეკონომიკას ვერაფერს ვერ დავაკლებდით, წილი რუსეთის ვაჭრობაში ჩვენი ვაჭრობის არის 0,3%, ჩვენ რა უნდა დავაზიანოთ ამ სანქციებით, ამ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით?! ამიტომ გავმიჯნეთ და ვთქვით, რომ ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, სანქცირებული კომპანიები, სანქცირებული ინდივიდები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით, ამის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ომის დაწყების შემდეგ. რაც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ეს ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ინებოს ყველამ და მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა, პირველ რიგში და აი ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ, თუ ისინი ნამდვილად ჩვენი მეგობრები არიან და თუ სხვა განზრახვა და მიზანი არ აქვთ. მთავარი გვავიწყდება ჩვენ და სამწუხაროდ, არ მესმის არც ეთერებში და არც საზოგადოებაში არ ისმის კითხვა. პირველი ვიყავით ჩვენ, 2008 წელს, როცა ომი მოხდა, უბედურება, რუსეთთან იყო მომაკვდინებელი, ძალიან მძიმე ომი. შედეგად დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და ოკუპირებული არის ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. ვინმეს კითხვა უჩნდება, რატომ არ დაიწყეს ან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ან ჩვენმა ხელისუფლებამ, სხვას რატო უნდა მოვკითხოთ პასუხი, ჩვენმა ხელისუფლებამ იმ დროს რატომ არ დაიწყო კამპანია სანქციების დაწესების, პოლიტიკის გადახედვის შესახებ?! ვინმემ რამე სანქციები დაუწესეს რუსეთს?! ნული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.