აქტუალური
აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი ჟურნალისტების მემორიალური დაფა ნაგავში იპოვეს

memorial7აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტი, მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ორ ფოტოსურათს ავრცელებს, რომლებზეც ნაგავში დაგდებული აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჟურნალისტების ის მემორიალური დაფაა გამოსახული, თავის დროზე ჟურნალისტთა ფედერაციის შენობის შესასვლელთან რომ იყო დამაგრებული.

ინაშვილის ინფორმაციით, გუშინ მას რეჟისორმა რაჟდენ კერვალიშვილმა მიმართა, რომელმაც მემორიალური დაფა ჟურნალისტთა ფედერაციის ძველი შენობის ერთ-ერთ კუთხეში ნაგავში აღმოაჩინა და ფოტოებიც გადასცა.

„მემორიალური დაფა ბატონმა რაჟდენმა თავის ოფისში შეინახა. მოგვიანებით „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა ის ჩვენს ოფისში გადმოიტანეს. უახლოეს დღეებში დაფას რესტავრაცია ჩაუტარდება და მედიაკავშირი „ობიექტივის“ ფოიეში მთავარ კედელზე დამაგრდება. 1993 წელს, ომის შემდეგ, დაღუპული ჟურნალისტების შესახებ ინფორმაცია ფედერაციას მე მივაწოდე და დაფაც ჩვენ დავამზადეთ. არ ვიცი, კონკრეტულად, ვის ევალებოდა, მემორიალურ დაფას გაფრთხილებოდა და ნაგავში არ მოესროლა, თუმცა ეს ფაქტი იმ ადამიანებისადმი გულგრილობასა და უპატივცემულობაზე მეტყველებს, რომლებმაც სამშობლოსათვის თავი გაწირეს“, – განაცხადა ინაშვილმა.