პუბლიკაციები
ფრიდონ ინჯია: სახელმწიფო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს, მაგრამ სასურველია ამ პროგრამებთან წვდომის გამარტივება

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც იმდენად დიდია თავისი დანაყოფებით და პასუხისმგებლობით, რომ შეიძლება ითქვას, სახელმწიფო სახელმწიფოშია“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ.

დეპუტატმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ „მინისტრის საათის“ ფორმატში წარმოდგენილი ინფორმაცია შეაფასა და კოლეგებს უწყების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

სამინისტროს საქმიანობასთან მიმართებაში რამდენიმე ხედვა მაქვს და მათ შორის არის პროტექციონიზმის პოლიტიკა, ანუ ჩვენი ქვეყნის პროდუქცია უფრო იაფი უნდა იყოს, ვიდრე იმპორტი და შემოტანილი პროდუქცია. ამის ნათელი მაგალითი გამოჩნდა ცოტა ხნის წინ, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინიდან ხორბლის შემოტანა აკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას დღეს ძალიან უჭირს. ჩვენ ბევრ პროდუქციას არ ვაწარმოებთ და სხვადასხვა გზები და ხერხები არსებობს, რომ ჩვენი პროდუქცია დავიცვათ. სახელმწიფო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ სასურველი იქნებოდა ამ პროგრამებთან წვდომის გამარტივება, რათა მოსახლეობას, ფერმერებს უფრო ადვილად შეეძლოთ პროგრამის გამოყენება და მასში ჩართვა“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტის წევრმა სამინისტროს მიერ დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლამ პრობლემები ადგილობრივ მეფუტკრეებსაც შეუქმნა, რადგან ფუტკრების ოჯახის გარკვეული ნაწილიც განადგურდა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ ასეთი ღონისძიებების გატარების პროცესში სამინისტრომ შიდა კონტროლი აწარმოოს და ზედამხედველობა განახორციელოს.