უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - სომხეთის განზრახვას, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე უკიდურესად უარყოფითი შედეგები მოჰყვება

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. სომხეთის განზრახვას, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე უკიდურესად უარყოფითი შედეგები მოჰყვება, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგებს აცნობა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია სომხეთის განზრახვა, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს.

„მოსკოვი აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს ოფიციალური ერევნის გეგმებს, შეუერთდეს საერთაშორისო სისხლის სამართლის რომის სტატუტს რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბოლო უკანონო და იურიდიულად ბათილი სასამართლოს ბრძანებების ფონზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

24 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, არმან დილანიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები ძირითად კანონთან შესაბამისობაში. არმან დილანიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის ძალაში გამოქვეყნების მომენტიდან შედის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რომის სტატუტის რატიფიცირება ქვეყნის პარლამენტმა უნდა განახორციელოს. მიმდინარე თვეში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლოს პალატამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

1tv.ge