სამართალი
დიმიტრი ხუნდაძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, დეპუტატი პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

საქართველო პირველ ყოვლისა! მსურს, კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრესა თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არცერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და არავის ზღუდავს. ეს ვერსია ანგარიშვალდებულს ხდის მხოლოდ იმ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს.

ის, რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე. რა არის ამაში გაუგებარი ან არადასავლური?

მათ კი, ვისაც ქვეყნის რყევა სურს, ან პირადი ვიწროპარტიული ინტერესი ადარდებს, ან ანგარიშვალდებულება არ უნდათ საზოგადოების წინაშე, თავს ნუ გამოაყენებინებთ. მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც, და ჩვენც ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. „საქართველო პირველ ყოვლისა!“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 7 მარტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.