სამართალი
შალვა პაპუაშვილი - საქართველომ არსად არ დაიხია უკან და არსად ხელი არ აუკანკალდა, რომ მხარი უკრაინისთვის დაეჭირა

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველომ არსად არ დაიხია უკან და არსად ხელი არ აუკანკალდა, რომ მხარი უკრაინისთვის დაეჭირა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დედამიწაზე არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის მიმართ იგივე სოლიდარობა გამოიჩინა, რაც საქართველომ თავის პირობებში.

„საქართველოში ოპონენტების ნაწილი ცდილობს, რომ პოლიტიკური დისკურსია წაიყვანოს მხოლოდ იმ კალაპოტში, თუ როგორ დააზიანა ხელისუფლებამ. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ძალაუფლებას მოიპოვებენ და ა.შ. სინამდვილეში, ამით საკუთარ ქვეყანას აზიანებენ.

მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ დედამიწაზე არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში იგივე სოლიდარობას გამოიჩენდა, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ. თუ კი შევხედავთ საქართველოს მდგომარეობას, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რომელიც უკრაინას მხარდამჭერ ალიანსშია, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მოლდოვასთან ერთად, რომელსაც ნატოს ქოლგა არ იცავს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთთან სამი ომი გამოიარა და იმ ალიანსის ქვეყნებს ჩახედეთ და თქვით, რომელს აქვთ რუსეთთან ომი გამოვლილი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე დღესაც რუსული არმია იმყოფება. აი, ამ პირობებში ის სოლიდარობა, რომელსაც საქართველო უკრაინას უცხადებს პოლიტიკური თუ სხვა მხრივ, ეს არის კიდევ ერთხელ ისეთი სოლიდარობა, რომელსაც სხვები არ გამოიჩენდნენ.

ერთი წელი გადის უკვე და ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, მათ შორის იმ ალიანსში, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს. სამი კრიტერიუმი არის და სწორედ, ამ რანჟირებით: ყველა ქვეყანა ამ ალიანსში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას უყურებდა, ანუ მთავარი ამოცანა იყო, რომ არ დაეშვათ საკუთარი ქვეყანა პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში ჩართულიყო. მეორე ინტერესი იყო, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესი, რომ ისეთი გადაწყვეტილებები და ქმედებები არ ყოფილიყო, რომ კრიზისის დონემდე დაეზიანებინა საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესი და მესამე, ეს უკრაინის მიმართ სოლიდარობა იყო. სწორედ, ასე მიიღებოდა ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ თანმიმდევრობით და პრიორიტეტებით. თქვენ გახსოვთ, თუნდაც სამხედრო დახმარების კუთხით პირველი გადაწყვეტილებები, რომელიც სუსტი იყო, უკრაინა ითხოვდა სულ სხვა რამეს და იქამდე ვერ მიდიოდნენ უკრაინის მხარდამჭერი ალიანსის წევრები, ვინაიდან ხედავდნენ იმ წითელ ხაზს და იმის იქეთ შეიძლება ყოფილიყო პირდაპირი ომი რუსეთთან. სანქციების ტალღების მიღების დროს სჭირდებათ დიდი მოლაპარაკება იმიტომ, რომ ცდილობენ უფრო მეტად საკუთარი ქვეყანა არ დააზიანონ, ვიდრე რუსეთი და შემდეგ არის სოლიდარობა. ზუსტად, ამ კრიტერიუმებით იღებდა საქართველო ყოველ გადაწყვეტილებას.

ყველგან, სადაც ვფიქრობდით, რომ არ გადავიდოდით წითელ ხაზს, სადაც ქვეყნის უსაფრთხოებას ჩავაგდებდით საფრთხეში ან ქვეყანას გამოუსწორებელ ეკონომიკურ კატასტროფაში გადავიყვანდით, ყველა იმ გადაწყვეტილებას ვიღებდით. ამ ალიანსში იყვნენ ქვეყნები, რომლებმაც ჰააგაში მიმართვას მხარი არ დაუჭირეს და ხელი არ მოაწერეს, იყვნენ ქვეყნები, რომელიც გაეროს რეზოლუციის თანასპონსორები კი არ იყვნენ, უბრალოდ კენჭისყრის დროს თითი თანხმობას მიაჭირეს. საქართველომ არსად არ დაიხია უკან და არსად ხელი არ აუკანკალდა, რომ მხარი უკრაინისთვის დაეჭირა. საქართველომ სოლიდარობა ბოლომდე აჩვენა და დედამიწის ზურგზე საქართველოს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.