სამართალი
ზურაბ ჩხაიძე: მესმის სააკაშვილის მდგომარეობა, ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის, ჩვენი ექიმების კომპრომეტირების ხარჯზე

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმთან მეტ თანამშრომლობას ისურვებდა.

ჩხაიძის თქმით, კარგი იქნება, რომ ისინი დაინტერესდნენ კვლევის შედეგებით და მოისმინონ კლინიკა „ვივამედის“ ექიმების აზრიც.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა კონსილიუმის ყველა წევრი ექიმის მიმართ. ისინი ნამდვილად თავიანთი საქმის სპეციალისტები არიან და ჩვენი პატივისცემა მათ, როგორც პროფესიონალებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვიჩნდება შეკითხვები. ზოგადად, მიღებული წესია, რომ როცა კონსილიუმი იკრიბება, ეს ნიშნავს ექიმების აზრთა ურთიერთგაზიარებას. შესაბამისად, ნანახი იქნას პაციენტი, ნანახი იქნას მისი უახლესი კვლევის შედეგები, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მკურნალი ექიმების აზრი, ჩვენი აზრი, შევჯერდეთ და შესაბამისად უნდა იყოს რეკომენდაციები ამ კონსილიუმის მხრიდან.

არც პირველ, არც ბოლო შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა, არც ანალიზები ყოფილა ნანახი, არც კვლევის შედეგები და სხვა ინსტრუმენტული კვლევის შედეგები. უბრალოდ განცხადებების კეთება კლინიკის კიბეებზე და რაღაც ახალი დიაგნოზები, კუჭის პარეზი ახსენეს, მგონი. რის საფუძველზე, როდესაც კვლევის შედეგი არ არის ნანახი. კუჭის პერისტალტიკა შენარჩუნებულია, ეს დადასტურებულია ფიბროგასტროსკოპიული საშუალებითაც. ჩვენ ვისურვებდით მათთან მეტ თანამშრომლობას, რომ დაინტერესდნენ კვლევის შედეგებით და მოისმინონ ჩვენი აზრიც“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა თქვენი რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ გადაყვანა, – ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

„მე მოგახსენეთ კლინიკის პოზიცია, მოგახსენეთ, რომ კლინიკა სთავაზობს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც მსოფლიოშია მიღებული – იქნება ეს ამერიკა თუ ევროპის წამყვანი ქვეყნები, იმავე გაიდლაინებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ და ვთავაზობთ იმავე მკურნალობას. მეტსაც გეტყვით – შეთავაზებული იქნა, ყველამ მოისმინეთ ალბათ პენიტენციური სამსახურის თუ მგონი, პრემიერის მიერ, რომ ნებისმიერი ექიმი შეიძლება იქნას მოწვეული. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას. ყველა კოლეგა დამეთანხმება, მხოლოდ მივესალმებით, რაც მეტი კონსულტანტი იქნება, რაც მეტი აზრთა ურთიერთგაზიარება იქნება.

მესმის პაციენტის მდგომარეობა, და ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, იგივე ადვოკატების მიმართულებაც, მათი ხაზიც, მაგრამ მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების კომპრომეტირების ხარჯზე. არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ამ ადამიანების, მათი პროფესიონალიზმის კომპრომეტირება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პაციენტის ბედი გვაწუხებს, ამ შემთხვევაშიც ძალიან გვაწუხებს პაციენტის ახლანდელი მდგომარეობა და მისი მომავალი ბედი, მაგრამ მიზანი, რაც აქვთ, ამ შემთხვევაში პაციენტს, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე, არცერთ ვარიანტში ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.