აქტუალური
იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი - 53 %-ით, რეისების რაოდენობა კი 56%-ით გაიზარდა

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. 2023 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 53%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85,508 მგზავრმა ისარგებლა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარში ამავე აეროპორტში 55,895 მგზავრი დაფიქსირდა.

მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები 56%-ით გაიზარდა და 294 რეისს მოემსახურა (2019 წლის იანვარი – 188 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.