სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: არ არის გამორიცხული, ზოგიერთი, მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა რუსეთის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში, – ამის შესახებ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, „მისი მშობლიური ქვეყანა დიდი ხანია, გახდა პუტინის საიდუმლო მოკავშირე“.

მიხეილ სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არა მხოლოდ მისი ფიზიკური განადგურების, არამედ საქართველოში მისი დაკავებისა და გასამართლების ბრძანებაც გასცა.

პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ჩემს ფიზიკურ განადგურებას, არამედ იმასაც, რომ მე საქართველოში დავეპატიმრებინეთ და გავესამართლებინეთ. მსოფლიოს არცერთმა სხვა ქვეყანამ, რუსეთის გარდა, არ აღიარა ჩემ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები ან განაჩენები. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, თუმცა დრო ცუდად იყო შერჩეული – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყება ასე ახლოს იყო. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“, – აცხადებს სააკაშვილი.

შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს ალექსეი ნავალნის ქართველ ანალოგად, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მათ მოწამვლის საშინელი გამოცდილება აკავშირებთ.

პუტინი ამბობს, რომ ნავალნი ჩემი რუსული ვერსიაა. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ორივეს გვძულს კორუფცია, თუმცა ნავალნი, რა თქმა უნდა, ბევრად ეფექტიანად ამხელს მას. ისღა დაგვრჩენია, ვნახოთ, იქნება თუ არა ის რუსეთის ისეთივე ეფექტიანი მომავალი ლიდერი, როგორც მე ვიყავი საქართველოში. რაც ჩვენ ასევე გვაკავშირებს, არის მოწამვლის საშინელი გამოცდილება. ჩვენ ორივემ ჯერ კიდევ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ამის გაძლება“, – აღნიშნავს ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ის, რაც მასთან დაკავშირებით ხდება, არის მკაფიო გზავნილი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის.

ის, რაც ახლა ჩემთან დაკავშირებით ხდება, არის მკაფიო გზავნილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. მან უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე რუსეთის აგრესიის დასაწყისში, ისევე როგორც ეს გავაკეთე მე, როდესაც პუტინის ჯარები 2008 წელს საქართველოში შეიჭრნენ“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ექსპრეზიდენტი „შპიგელთან“ აღნიშნავს, რომ „თუ გადარჩება, თავის მომავალს უკრაინაში ხედავს“.

როგორც გერმანული გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვებს წერილობით ინგლისურად უპასუხა, პასუხები კი „შპიგელს“ მისმა დედამ, გიული ალასანიამ გადასცა.