უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი და რეგიონში ახალი ომის პროვოცირება მოახდინოს

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანი ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და რეგიონში ახალი ომის პროვოცირება მოახდინოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ომის პროვოცირებასთან ერთად, აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა სურს. ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებს, რომ ლაჩინის დერეფანი არ დახურულა და მთიან ყარაბაღში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა, თუმცა სომხეთი საპირისპიროს ამტკიცებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბაქოს გეგმა ასეთია: ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა გარკვეულ კულმინაციამდე მიიყვანოს, რის შემდეგაც დერეფანი რამდენიმე დღით გაიხსნას მთიანი ყარაბაღის სომხების მასობრივი გამოსვლის მოლოდინით, შემდეგ კი დახუროს და გახსნას რამდენიმე დღით. ასე გაგრძელდება, ვიდრე უკანასკნელი სომეხი არ დატოვებს მთიან ყარაბაღს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანის თქმით, რეგიონში არსებული ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და სომხური მხარე სწორედ ამ ლოგიკით იხელმძღვანელებს.

1tv.ge