პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დაუჭერს მხარს უკრაინას, გარდა შეიარაღების გადაცემისა

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ მხარს უკრაინას, გარდა შეიარაღების გადაცემისა. ერთი წელია, ასეთია სახელმწიფოს პოზიცია და ასევე გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს რაიმე შეიარაღება გადასცეს.

ამასთან, როოგრც ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, პრობლემას ხედავს ქვეყნის შიგნით, როდესაც ოპონენტები ხელისუფლებას ამ პოზიციის გამო აკრიტიკებენ.

საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას – ისეთივე საფრთხის, რომლის წინაშეც დღეს უკრაინაა. ქვეყანა, რომელსაც რუსეთის მხრიდან ასეთი საფრთხე ემუქრება, სხვა არ არსებობს. ყველამ კარგად ვიცით, რა შეიარაღება აქვს საქართველოს და თუ ვინმე ამიხსნის, რა ლოგიკაა იმაში, რომ ის მცირე შეიარაღებაც, რომელიც მას აქვს, სხვა ქვეყანას გადასცეს, თუნდაც მეგობარ, ძმურ სახელწიფოს, როცა თავად არის რუსეთის ოკუპაციასთან პირისპირ, სიამოვნებით მოვუსმენ. მაშინ, როცა არიან საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნები, რომლებიც სამხედრო შეიარაღებას აწარმოებენ და არც უარს ამბობენ მის გადაცემაზე, რატომ უნდა სთხოვონ ისედაც მცირე შეიარაღების გადაცემა საქართველოს?

მესმის, რომ უკრაინას სურს, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა დაეხმაროს, ეს სურვილი გასაგებია და უკრაინის მხრიდან პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემას ქვეყნის შიგნით ვხედავ, როცა ამის გამო ოპონენტები გვაკრიტიკებენ. ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ მხარს უკრაინას, შეიარაღების გადაცემის გარდა. ერთი წელია, ასეთია სახელმწიფოს პოზიცია და ასევე გაგრძელდება. საქართველო დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს რაიმე შეიარაღება გადასცეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.