პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: კასიანოვმა საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის შესახებ აშშ-ს მიმართ მკაფიო ბრალდება გაახმოვანა

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით აშშ-ს მიმართ ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა - ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს, უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება! - ეს განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, თუ კელი დეგნანი მათ თხოვნას არ გამოეხმაურება, „საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია“.

ამ კონტექსტში მაჭარაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ „აშშ-ს საელჩოსა და ელჩს თვეების განმავლობაში თხოვდნენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა“.

გარდა ამისა, მაჭარაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე „ომის პარტიის გლობალურ და ახალი მასშტაბის კოორდინაციაზე“ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ.

მაგალითისთვის მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება:

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში.

ალბათ, ხვდებით ცინიზმის და ტყუილის გამართლების მცდელობის ხარისხს!

მეორე: „მაგნიტსკის სიის“ ავტორი, ბატონი ბროუდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგას პუტინი, რომელსაც სურს შურისძიება სააკაშვილზე.

როგორც ხედავთ, ბროუდერმა უკვე არა მხოლოდ ის „დაადგინა“, რომ სააკაშვილს აწამებენ, არამედ მის შემკვეთზეც გავიდა.

აქაც ცინიზმის და დადგმული უნიჭო სპექტაკლის გამართლების უპრეცედენტო ხარისხის გარდა, საქმე გვაქვს ათი წლის განმავლობაში ყველა ბრუნვაში ნატრიალები მესიჯის გამყარების მცდელობასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ე.წ. პრორუსობას შეეხება.

ამ მესიჯს იმ პარტიის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ატრიალებენ, რომელმაც პუტინს ჯერ ქართული ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ კი ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე მოუწერა ხელი!

მესამე იყო გენერალ ბენ ჰოჯესის მიერ იგივე მიზნით გუშინვე გაკეთებული განცხადება.

შესაბამისად, ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. აგენტის პატრონები კი უკვე პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.