აქტუალური
სალომე სამადაშვილი: როგორც ჩანს, ივანიშვილი ემზადება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების აგენტებად დარეგისტრირებას ითხოვს, რუსეთი და რუსული კანონმდებლობაა! - ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან დაკავშირებით უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივებს.

სამადაშვილის თქმით, რეალურად არანაირი "ხალხის ძალა" არ არსებობს და "ქართული ოცნების" ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგი უფრო და უფრო შეუფარავი ხდება.

"პირველ რიგში, ყველას გვესმის, რომ არანაირი "ხალხის ძალა" არ არსებობს. ეს არის "ქართული ოცნების" ქვედანაყოფი, რომლის ამოცანაც ქვეყანაში ღია ანტიდასავლური პროპაგანდის გამწვავება და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა. ისინი იმ ინიციატივებს აჟღერებენ, რომელთა გაჟღერება "ქართულ ოცნებას" შეიძლება ეუხერხულებოდეს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივა ერთი ერთზე გადმოღებულია რუსეთის შესაბამისი რეგულაციებიდან.

რამდენიმე წლის წინ სწორედ რუსეთში მოითხოვეს ყველა უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციის დარეგისტრირება, როგორც გავლენის აგენტების. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ემზადება, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული განაცხადი ასეთი შედეგით დასრულდეს, ამის პარალელურად ხდება საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და მეორეს მხრივ, ავტოკრატიული რეჟიმის გამტკიცება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" ძალიან მწარედ შემოუბრუნდება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ინიციატივა ჩაფიქრებულია, როგორც სისტემური ბრძოლის ნაწილი, რომელსაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი და ალტერნატიული აზრის ცენტრის წინააღმდეგ აწარმოებენ.

ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შექმნილმა სისტემამ გაანადგურა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია და დამოუკიდებელი მასმედია. "ქართული ოცნება" ამ ყველა ნაბიჯის გამეორებას ცდილობს, რომელთა დღის წესრიგი ნათელია როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა “ხალხის ძალა“ კანონპროექტს ამზადებს.

„ხალხის ძალის“ დეპუტატების ინფორმაციით, კანონპროექტი ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას ეფუძნება და ის “ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას“.

ამასთან, “ხალხის ძალა“ აღნიშნულ პროექტთან ერთად, დააინიცირებს კანონის პროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით იანვარის თვეში წარედგინება.