აქტუალური
ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ზელენსკის განცხადება საქართველოს საზოგადოების მიმართ თხოვნაა, მას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, ამერიკელმა სენატორმა ელიზაბედ უორენმა თქვა: - კანონზე მაღლა არავინ უნდა იყოს, თვით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტიც! იმავეს ვიტყვი მეც - არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, თვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

აქვე სამხარაძემ დასძინა, რომ “კანონის ფარგლებში რა მოქმედებაც შეიძლება, ამას სასამართლო გადაწყვეტს“.

ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ექიმები იმსჯელებენ, ამ საკითხში პოლიტიკოსების ჩარევა ზედმეტია და მიზანშეწონილი არ არის, რადგან პოლიტიკოსების ჩარევა საკითხს უარყოფითი დინამიკისკენ ამოძრავებს. თუ ზელენსკის განცხადება საქართველოს საზოგადოების მიმართ თხოვნაა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც თხოვნა, მაგრამ ამ თხოვნას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. თუ ამ საფუძველს სასამართლო იპოვის, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანისთვის საჭიროა ისეთი დიაგნოზი არსებობდეს, რომელსაც საქართველოში ვერ უმკურნალებენ. შესაბამისად, სანამ ასეთი დიაგნოზი დასმული არ იქნება, ვერც ერთი სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ადამიანის სამკურნალოდ გადასაყვანად. ამიტომ, პოლიტიკოსების ჩარევა, მათ შორის ევროპარლამენტარების და სხვების, სრულიად უადგილო და ზედმეტია. ეს არის ექიმების გადასაწყვეტი. თუ დიაგნოზი ისეთი იქნება, რომ საქართველოში არ იკურნება, მაშინ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. თუ სასამართლოს საფუძველი არ ექნება, საზღვარგარეთ გაუშვას, მაშინ ვერ გაუშვებს. ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს!" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.

კითხვაზე, რამდენად არსებობს რისკი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული პოზიცია აღმოჩნდეს ხელისშემშლელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე? - სამხარაძემ განაცხადა, რომ არც ერთი ადამიანის პატიმრობაში ყოფნა ან არყოფნა ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის რომელიმე სტრუქტურაში, ამ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

ეს არ არის კონკრეტულ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას - აუცილებელია გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის წინ. რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს- გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.