აქტუალური
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 421 მილიონ ლარს შეადგენს

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 421 მილიონ ლარს შეადგენს.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 349 ათასი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2 838 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 7,103,780.53 ლარს შეადგენს“, – აღნიშნავენ საპენსიო სააგენტოში.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა, ფონდის გაშვებიდან (2019 წლის პირველი იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, 39.9 – პროცენტი, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.71 პროცენტი შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18.8 პროცენტი განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2 პროცენტი – ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.5 პროცენტი განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 14.1 პროცენტი – ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7 პროცენტი – აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 8.1 პროცენტი – გლობალურ აქციებში, 0.9 პროცენტი – ევროობლიგაციებში, 0.1 პროცენტი – ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 64.6 პროცენტი არის განთავსებული“, – ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ანგარიშში.

მათივე ცნობით, 2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.85 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 418 მილიონი ლარი იყო.