სამართალი
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და, საბოლოო ჯამში, დაპირისპირებასა და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა ძალაუფლებისთვის, ფულისთვის.

„ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც, საბოლოო ჯამში, დაასუსტებს პარტიას და ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები, რიგგარეშე არჩევნებს ატარებენ საკუთარ პარტიაში. ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის ძალიან კარგი. მათ ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და, საბოლოო ჯამში, დაპირისპირებასა და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში. ეს კარგია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.