სამართალი
შალვა პაპუაშვილი: შინ და გარეთ მისი სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ სამართლიან სასჯელს

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ პიარის თემად აქციონ.

პაპუაშვილის თქმით, ლობისტური საქმიანობის შედეგები ალბათ სხვადასხვა სახის განცხადებაში გამოჩნდება. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, არის მცდელობა, სააკაშვილი სამართლიან სასჯელს აარიდონ.

„სამწუხაროდ, დიდი ხანია, სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, ეს საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ და გახადონ პიარის საკითხად. ეს ფაქტიც ამაზე მეტყველებს, ვნახავთ შედეგებს ამ ლობისტური საქმიანობისა, გამოჩნდება კიდეც ალბათ სხვადასხვა სახის განცხადებაში. რასაც ბოლო პერიოდი ვხედავთ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი მეგობრები შინ და გარეთ ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ ის სამართლიან სასჯელს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომელიც გირგვლიანის საქმეს შეეხებოდა. ზოგადად, ვიდრე სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდოდა საქართველოში, ჩვენ მანამდეც ვხედავდით მფარველობას, რომ ის ასცდენოდა მართლმსაჯულებას. ვხედავთ მას შემდეგაც, რაც ის ქართული მართლმსაჯულების აღსრულების პროცესშია, რომ აქაც მის მიმართ გარკვეული მფარველობაა, რათა რამენაირად დაიხსნან კანონიერი სასჯელისგან, რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავდროულად, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მას ცენტრ „ემპათიას“ მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს.

„რაც შეეხება სამედიცინო დასკვნებს, მე არ გახლავართ დარგის სპეციალისტი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, შესაბამისი სპეციალისტები შეხედავენ. „ემპათიასთან“, მათ შორის მის ხელმძღვანელთან დაკავშირებით, არაერთხელ მითქვამს, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდი, მაშინაც. მახსოვს „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი ბაჩალიაშვილის საქმეზე, შაქარაშვილის საქმეზე, ყველას, მთელ საზოგადოებას ახსოვს, რამხელა სიყალბეს ჰქონდა ადგილი მათი მხრიდან. გახსოვთ განცხადებები, ოჯახს არ ინდობდნენ, ისეთი სახის განცხადებებს აკეთებდნენ, ვითომ საექსპერტო დასკვნებს, რაც იყო აბსოლუტური ტყუილი და დადასტურდა კიდეც. ამიტომ შინაარსს ვერ შევაფასებ, ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, თუმცა, მე პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ამ ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ არანაირი ნდობა არ მაქვს, რადგან ვნახეთ მათი სიყალბეები ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.