სამართალი
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის მეგობარი, იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, მაგრამ მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, სიმულაცია იყო - ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე?

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, მაგრამ მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, სიმულაცია იყო - ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე? - კითხვებზე პასუხია გასაცემი, პირველ რიგში, დიაგნოზით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლების განცხადებები სპეკულაციურია და მათ ადამიანის სიცოცხლეზე საუბრის უფლება არ აქვთ.

„მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების სპეკულაციური განცხადებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ განცხადებებს საერთოდ არ გავცემდით პასუხს, რომ არ გაგვხსენებოდა, რა დანაშაულები აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. 9 წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი. დღეს რომ სიცოცხლის უფლებაზე საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულები, რომლებმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და საერთოდ, მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ადამიანის უფლებებზე ისაუბროთ.

საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრებს სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა ერთი მარტივი მიზეზით - შეწყდა პატიმრების მკვლელობა, წამება, გაუპატიურება. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი და ეს ადამიანები გვესაუბრებიან სპეკულაციურად და ცდილობენ დანამუსებას ისეთ თემაზე, სადაც დანამუსება რელევანტური არაა. მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაულები და ამ სისტემას სწორედ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება დღევანდელ პირობებს - დღეს არათუ არასათანადო პირობები არაა შექმნილი, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის, არამედ ის პრაქტიკულად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. განსხვავებით სხვა პატიმრებისგან, რომელთაც შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდეთ, სააკაშვილი არის არა სასჯელაღსრულების, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს აჩვენებს დამოკიდებულებას და მიდგომას, რა იყო, სად ვიყავით და სად ვართ დღეს.

ასევე იყო ბიზნესის რეკეტი, რამაც ასევე უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეთ - ასეულობით ადამიანი დაიღუპა 2008 წელს თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად და ახლა თქვენ გვესაუბრებით ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე. ეს არის ცარიელი სპეკულაცია და ამ სპეკულაციებს ვერ გავატარებთ.

ვერცერთი თქვენგანი ვერ საუბრობთ [სააკაშვილის] დიაგნოზზე. ვერაფერს ამბობთ დიაგნოზზე და ასევე ვერ ამბობთ, ემორჩილება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას. ასეთ პირობებში ყველაფერი ცარიელი სპეკულაციაა.

შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან ეტლით გამოვიდა. მანამდე იყო უამრავი სიმულაცია. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გამოჩენა ეტლით. მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, რატომ? იმიტომ, რომ სიმულაცია იყო. ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე ამ შემთხვევაშიც? ამ კითხვებზე პასუხია გასაცემი, პირველ რიგში, დიაგნოზით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.