საზოგადოება
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის „რიყის დოქების“ გაყიდვას გეგმავს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, ახალშეძენილი „რიყის დოქების“ გაყიდვას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ ხიდაშელი განცხადებაში საუბრობს, რომელიც ბიზნესმენმა ახლახან გაავრცელა.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, „რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ხედავს, რომ განზე გადგეს“.

„საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა. საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა - იქნება „დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში... ერთი დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!“, - აღნიშნავს ხიდაშელი განცხადებაში.

ცნობისათვის, წინა დღეებში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დავით ხიდაშელთან დადებული გარიგებების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.