სამართალი
კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ დანაშაულისთვის ყველამ აგოს პასუხი

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე თქმით, დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რათა ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„ვერ გეტყვით, შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც მიუძღვის ბრალი და აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში, ხარ პოლიტიკოსი და, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ძალიან სამწუხაროა, რაც ხდებოდა ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება იყო ბიზნესსექტორის მიმართ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მგონია, რომ ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ მიმართულებით, უნდა აგოს პასუხი. არავის არ სურს, არა თუ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხელ სააკაშვილის, ასევე ყველა პატიმრის შემთხვევაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა ყველა პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.