სამართალი
რატი ბრეგაძე: სამხარაულის ცენტრს მივმართავთ, გაკეთდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ნებისმიერმა პირმა, ვინც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, უნდა გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

რატი ბრეგაძის თქმით, მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ამავდროულად, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავენ, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები და სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომ პირველ რიგში, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარმოუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. საზოგადოებას რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი, ამავდროულად, სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს, რომ გაკეთდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.