სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე, კარგად მახსოვს, როცა აქტიურად ვმუშაობდით უვიზო რეჟიმზე, ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით დადიოდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის პირობებში, ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ივნისში ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს და ევროპულ ქვეყნებს ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ.

„ჩემს მიმართვაში მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ აუცილებელია ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობა. პირველი რეკომენდაცია, პრიორიტეტი, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, არის დეპოლარიზაცია, ანუ პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ჩვენ რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, გვაქვს აქტიური პროგრესი. ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია და რეპორტი გადაეცემა ბატონ კომისარს. რაც შეეხება ოპოზიციის მიზანს, მე არ მინდა ბატონი კომისარი დავტვირთო ამდენი დეტალებით, მაგრამ მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მე მახსოვს ძალიან კარგად, ბატონ კომისარს მინდა მივაწოდო ეს ინფორმაცია, დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ჩემი პირველი პრემიერობის დროს უვიზო რეჟიმზე, წარმოიდგინეთ, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი. მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის პირობებში, ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს და ევროპულ ქვეყნებს უნდა მიეღოთ ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.