აქტუალური
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო ერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" რესურსის განაწილებას ცდილობს, თუმცა, ეს პროცესი მას გამარჯვებამდე ვერ მიიყვანს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გემი იძირება და დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით შეაკოწიწოს ნავი ან ტივი მაინც. "ნაციონალურ მოძრაობაში" ღმა კრიზისმა, დაშლის პროცესმა გამოიწვია ის, რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ ოპოზიციაში უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე და ცდილობენ აითვისონ. ამის გარდა, ოპოზიციაში მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი პოლიტიკური „შავი ფულის“, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების გადანაწილების პროცესი. ეს არის ის, რასაც ხედავს დღეს საზოგადოება. მათ სცადეს ერთად, ცალ-ცალკეც, არაერთხელ დამარცხდნენ ორივე ფორმით, ამიტომ დასკვნა, რაც შეიძლება ოპოზიციამ გამოიტანოს ის არის, რომ შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია", - განაცხადა თალაკვაძემ.