სამართალი
აშშ-დან დაბრუნებულმა გახარიამ ბიძინა ივანიშვილი „ან თუნდაც მთლიანად ის, რაც „ქართული ოცნებიდან“ დარჩა”, დებატებში გამოიწვია

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დებატების საკითხს აყენებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტელეკომპანია “იმედის” გადამღები ჯგუფი ინტერვიუსთვის მის სახლთანაა მისული.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ტელეკომპანია “იმედს” მიმართა, რომ პირდაპირ ეთერში მიიწვიონ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე და საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე სასაუბროდ.

TV Imedi, როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ, იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც „ქართული ოცნებიდან“ დარჩა”, – წერს გახარია.