სამართალი
პრეზიდენტი: სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ძალიან სწორი არის, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ჩვენც კი ამისი იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ, ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ. ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი. შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენს თავთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი საქართველოს გამოწვევაა და სხვასთან შედარებები არაფერს გვაძლევს.

„თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და ის რეკომენდაციები, რაც გვეხება. ჩვენს შემთხვევაში 12 და ეს 12 რეკომენდაცია არის გამოწვა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად შევასრულებთ, რა სისწრაფით შევასრულებთ, რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს და არა ცალ-ცალკე და ერთიმეორეს წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი გამოწვევა და ამ გზაზე, თუ რამდენად შევძლებთ და შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, ამით იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენ თავთან გვაქვს ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს გვაძლევს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ, რომ სოლიდარობა რუსეთსა და რუსეთის ქმედებებზე ჩვენი ნამდვილი პასუხი არის“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.