სამართალი
პაატა მანჯგალაძე: დეოლიგარქიზაციის ეს კანონი იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სტატუსს არ მოგვცემენ

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონი და სასამართლოს საკითხი იქნება სწორედ ის, რის გამოც ევროკავშირი საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს იტყვის.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარდა, ყველაზე გავრცელდება.

„სწორედ დეოლიგარქიზაციის ეს კანონი იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ. ეს სტატუსი „ქართული ოცნების“ „დამსახურებების“ გამო არ გვაქვს. სწორედ ეს კანონი და სასამართლოს საკითხი იქნება ის, რის გამოც ევროკავშირი უარს გვეტყვის. „ქართული ოცნება“ ცდილობს, მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ყველასა და ყველაფერზე გავრცელდება ბიძინა ივანიშვილის გარდა. ეს მაშინ, როცა კლასიკური გაგებით, დღეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. არ ვამბობთ, რომ კანონში სახელი და გვარი უნდა ეწეროს. ეს არის აბსურდი და ვინ მოიგონა? – კლასიკური ფორმით ოლიგარქია რომ სახეზე იყოს, აუცილებელია, დიდი ოდენობის თანხების ფლობასთან ერთად, მასთან დაკავშირებული ადამიანები ფიქსირდებოდნენ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე. დიახ, დღეს ქვეყანას მართავენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები. ეს არის მოცემულობა, რადგან „ქართული ოცნება“ ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს საქართველო გადააყოლოს, რაზეც საჭიროა დიდი პროტესტი. არ მინდა, დავაინიციროთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დამატებით რეპრესიის საშუალებას მისცემს. კანონის მიღების დროს, საჭიროა დროსა და სივრცეში გააზრება. „ქართული ოცნება“ უკრაინულ კანონს ეფარება, მაგრამ დროსა და სივრცეში რეალობას აცდენილია. სწორედ იმიტომ, რომ რეალობას არ ავცდეთ, ვცდილობთ, საზოგადოებას შევთავაზოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც რეკომენდაციებს დააკმაყოფილებს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.