საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე: დღის განმავლობაში რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, რაც ბოლო პერიოდში 40-45%-ით გაიზარდა - თითოეული პირის შესწავლა ხდება

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ვთანხმდებით, რომ ახლა არის არაორდინალური სიტუაცია - სტანდარტულად, დღის განმავლობაში რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, რაც ბოლო პერიოდში გაიზარდა 40-45 პროცენტით, თითოეული მოქალაქის შესწავლა ხდება,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან ლარსის საზღვართან არსებული ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარსის პუნქტზე დამატებით ძალები გაიგზავნა, პოლიციას აქვს გაზრდილი დატვირთვა, თუმცა არსებული რესურსებით გამოწვევას უმკლავდებიან.

„ნაკადები ლარსის გამშვებ პუნქტზე გაზრდილია, თუ ვთქვათ, სტანდარტულად, დღის განმავლობაში იყო რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე შემომსვლელი, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიზარდა 40-45 პროცენტით ამ ადამიანების რაოდენობა. შსს აკეთებს ყველაფერს, რაც კანონით არის განსაზღვრული, კერძოდ, ხდება თითოეული მოქალაქის შესწავლა, თუ არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს ხდება მათი არდაშვება საზღვარზე და უარის თქმა. ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იქ არსებულ სიტუაციას, დამატებით ძალებია გადაგზავნილი ლარსის პუნქტზე.

რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ ახლა არის არაორდინალური სიტუაცია, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ გამოიწვია ნაკადების ზრდა არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, მაგრამ არსებული რესურსებით ვუმკლავდებით, თითოეული პირის შესწავლა ხდება და სადაც საფრთხეები არსებობს, იმ ადამიანების მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება ხდება", - განაცხადა დარახველიძემ.