აქტუალური
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციით, ბიჭვინთაში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებელი აფხაზეთის ქალაქ ბიჭვინთაში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციით, ასლან ბჟანია ლუკაშენკოს მიესალმა და აღნიშნა, რომ 1996 წელს, დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე სწორედ ლუკაშენკომ გამოთქვა წინააღმდეგობა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის მიმართ. თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განიხილა აფხაზეთის საკითხი და ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება.

საჭიროა დახმარება, რომ ეს აყვავებული მხარე, ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მხარდაჭერისთვის“.

ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „აფხაზეთში მისი ჩასვლა არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ ვითარებასთან“.

ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება“, – განაცხადა ლუკაშენკომ და გამოთქვა ინიციატივა, განიხილონ საკითხები, როგორ გააუმჯობესონ ურთიერთობები“.

ბიჭვინთაში ყოფნისას ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა: ღიად ვიტყვი, ჩვენ განვიხილავდით აფხაზეთის პრობლემას საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან. ისინი მიყვებოდნენ აფხაზეთის შესახებ. ამას საჯაროდ არ დავაკონკრეტებ, თუმცა ცუდი არაფერი შემინიშნავს, რამაც გამაკვირვა. არაფერი ცუდი არ შემინიშნავს, ამიტომ ცუდს არავის ვუკეთებთ, არც ერთ მხარეს, არც ქართველებს. ჩვენ სიკეთით მოვედით, თუკი რამით შეგვიძლია დახმარება, ამასთან, ეს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა იქნება და ეს მიმართულება არსებობს, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.