საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი 4 ოპოზიციური პარტიის კოალიციად ფორმირების შესახებ: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მათ ჯამი გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ლელოს, „სტრატეგია აღმაშენებლის", „გირჩი -მეტი თავისუფლებასა" და „დროას" კოალიციად ფორმირების თაობაზე.

მისი თქმით, ქმნიან ფასადს, რომ თითქოს მრავალპარტიულობაა.

„საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. ამ პარტიის ლიდერები გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, სინამდვილეში არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა. სინამდვილეში არის ერთი მთლიანი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი ყოველთვის გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“. ამ მხრივ არაფერი ახალი არ არის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადი შექმნის. ეს გუნდი ყოველთვის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდია“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისათვის, "ლელოს", "გირჩი - მეტი თავისუფლებას", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "დროას" შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საუბარი არ არის კოალიციის შექმნაზე, არამედ საუბარია პროევროპულ მოძრაობაზე, რომლის ფარგლებშიც ყველა პროდასავლურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს.