სამართალი
გიორგი ვაშაძე: ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული, პროევროპული მოძრაობა, რომელიც ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო, ეროვნული პროევროპული მოძრაობა, რომელიც ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ უპასუხა კითხვას, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და მოძრაობა „დროა“ შესაძლოა, ალიანსში გაერთიანდნენ.

ვაშაძის განმარტებით, ეს გაერთიანება კოალიცია ვერ იქნება.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული, პროევროპული მოძრაობა, რომელშიც ვთანამშრომლობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან. სიღრმისეული თანამშრომლობა გვაქვს ამ პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა, ეს უნდა იყოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფართომასშტაბიანი მოძრაობა, რომ ჩიხში მყოფი საქართველო გადარჩეს ამ პრორუსული ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაშია.

ბევრი სინერგია გვაქვს. ვერ იქნება ეს კოალიცია. დღეს არჩევნები არ არის, დაელოდეთ, ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. ჩვენი სტრატეგიაა ყოველდღიური ქმედებები და არა წინასწარი განცხადებები. ახლა ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან“ და მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს ხალხს“,- განაცხადა ვაშაძემ.​