აქტუალური
აზერბაიჯანის ელჩი: ავანტიურისტულ წრეებს შემიძლია გავახსენო აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“, რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“ ყოველთვის თავის ადგილზეა და კვლავ მზადაა, ცხადად აჩვენოს ავანტიურების საფრთხე პირველ რიგში, თავად სომხეთის განვითარების პერსპექტივისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აზერბაიჯანი - სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაციის უკანასკნელი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც გამოიყენება ქვეყანაზე თავდასხმისთვის, არის არა მხოლოდ უფლება, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს ჯარის მოვალეობა.

ფაიგ გულიევის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად შეასრულეს სამშობლოს დაცვის წმინდა ვალი.

უპირველეს ყოვლისა, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იზიარებს ჩვენი ხალხის მწუხარებას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დაღუპულთა გამო, რაც სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ბოლო ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციის შედეგია. ეს სოლიდარობა განსაკუთრებით იგრძნობა ჩვენთან ახლოს მყოფ ქვეყნებში: მოძმე თურქეთსა და საქართველოში. საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უკვე მრავალი წელია განიცდის კონფლიქტის მძიმე შედეგებს, ვფიქრობ, კარგად ესმის ჩვენი პოზიცია და ამიტომ იზიარებს ჩვენს ტკივილს.

რაც შეეხება იმ ფაქტობრივ საფუძვლებს, რომლებიც ადასტურებს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაციების ფაქტს, ეს არის დაშქესანის, ქალბაჯარის, ლაჩინისა და ზანგილანის მიმართულებით სივრცეებისა და კომუნიკაციების დანაღმვის მცდელობები. საზღვარზე, ჩვენი პოზიციების დაბომბვა მძიმე იარაღის გამოყენებით, ნაღმმტყორცნებისა და საარტილერიო ცეცხლის ჩათვლით.

ამ მცდელობებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან გადამწყვეტი წინააღმდეგობა მოჰყვა და საფუძველშივე აღკვეთილ იქნა. სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩახშობა, რომელიც გამოიყენება ქვეყანაზე თავდასხმისთვის, არის არა მხოლოდ უფლება, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს არმიის მოვალეობაც. შესაბამისად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად შეასრულეს სამშობლოს დაცვის წმინდა ვალი. სამწუხაროდ ეს მოხდა ჩვენი მებრძოლების დაღვრილი სისხლის ფასად. 71 მოწამის სახელი სამუდამოდ დარჩება ოქროს ასოებით ჩაწერილი აზერბაიჯანის ვაჟკაცობისა და გამარჯვების მატიანეში. ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად კალბაჯარის რაიონის ორი მცხოვრებიც დაშავდა“,- განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის წყალობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, დიპლომატმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების განხორციელების ოპერატიულ-ტაქტიკური ასპექტები სამხედრო სტრუქტურების პრეროგატივაა.

თუმცა, რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ყველა კარტი მაგიდაზეა. როგორც უკვე აღვნიშნე აზერბაიჯანმა უკვე დიდი ხნის წინ წარადგინა თავისი წინადადებები სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა სირთულეებით, მაგრამ ამ დღის წესრიგის წინსვლის პროცესი მიდიოდა.

ამრიგად, სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა უმაღლეს დონეზე დიალოგის ლოგიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით. სწორედ ამ ლოგიკის განხორციელება შეესაბამება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების ძირითად ინტერესებს.

თუ გადავხედავთ გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენისა და აღორძინების სამუშაოებს, რომლებიც უპრეცედენტო ტემპით განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ძალისხმევის სრული კონცენტრაციით, მრავალმილიარდიანი ფინანსური ხარჯების ჩათვლით, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ აზერბაიჯანის დღის წესრიგში მშვიდობა და განვითარებაა. მაგრამ უნდა მოხდეს ამ მშვიდობისა და განვითარების გარანტირება და დაცვა შურისძიებისგან, რაც, როგორც ბოლო შეტაკებებმა აჩვენა, ზოგიერთი ავანტიურისტული წრეებისთვის ჯერ კიდევ არის სავარაუდო სცენარი. მათ შემიძლია მხოლოდ გავახსენო აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“, რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა და კვლავ მზადაა ცხადად აჩვენოს ამგვარი ავანტიურების საფრთხე პირველ რიგში, თავად სომხეთის განვითარების პერსპექტივისთვის", - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.