სამართალი
„ბლუმბერგი“: ბიძინა ივანიშვილის 800 მილიონ დოლარიანი დავა „კრედიტ სუის გრუპის“ კუთვნილ ტრასტთან სამაგალითო გახდება გლობალური ინდუსტრიისთვის

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. „კრედიტ სუისისა“ და მაგნატის შეტაკების გამო, სიმდიდრის ინდუსტრიას სუნთქვა აქვს შეკრული, – ამ სათაურით სტატიას „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის 800 მილიონ დოლარიანი დავა შვეიცარიულ „კრედიტ სუის გრუპის“ კუთვნილ ტრასტთან სამაგალითო გახდება გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც მდიდარი ოჯახების მილიარდობით აქტივს განკარგავს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს, ეს შეიძლება, გახდეს ბიძგი, რათა გადაიხედოს, თუ როგორ და როდის ავლენენ ტრასტის ოპერატორები უჩვეულო ტრანზაქციებს ან სხვა საეჭვო პრაქტიკას.

ინდუსტრიის წარმომადგენლები არა მხოლოდ სინგაპურიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან ყურადღებით აკვირდებიან ამ საქმეს, რათა იხილონ, თუ რა იქნება განსაზღვრული ბენეფიციარების მიმართ მეურვეების სტანდარტად ან მოვალეობად“, – ამბობს „ბლუმბერგთან“ საუბარში თან ჰან ვუ, სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამ საქმემ შესაძლოა, უბიძგოს საერთაშორისო ბანკებს, რომლებიც აკონტროლებენ იმ ტრასტფირმებს, რომლებიც, თავის მხრივ, ემსახურებიან მათ მილიონერ კლიენტებს, გადახედონ სტრატეგიებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქმის განხილვიდან მეორე დღეს „კრედი სუისში“ განაცხადეს, რომ ყიდიან გლობალურ სატრასტო ბიზნესს, რაც, მათივე განმარტებით, რეგულარული შემოწმების ნაწილი იყო. სხვა ფინანსურმა კომპანიებმა, როგორიცაა „ბარკლაისი“ და „როტშილდი“, უკანასკნელ წლებში საკუთარი სატრასტო ბიზნესი განტვირთეს.

იუ-ბი-ეს“ ჯგუფი და „ჯიპიმორგან ჩეისი“ ამ მომსახურებას კლინეტებს სიმდიდრის მენეჯმენტის სერვისებს შორის სთავაზობს. „კრედიტ სუისის“ შემთხვევაში სატრასტო ორგანიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კერძოდ 2012-დან 2013 წლამდე გახლდათ შვეიცარიული ბანკის ბიზნესის ნაწილი. მისი აუდიტის, ისევე როგორც იურიდიული და შესაბამისობის ფუნქციები მუშაობდა ხაზის მენეჯერებთან ციურიხში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ დომინიკ ბირის, ბანკის ტრასტბიზნესის ყოფილ ხელმძღვანელს სინგაპურში, რომელმაც მიმდინარე სამკვირიანი სასამართლო პროცესის დროს ჩვენება მისცა“, – წერს „ბლუმბერგი“.

გამოცემასთან საუბარში ჰონგ კონგში იურიდიული კომპანიის პარტნიორი კლიფორდ ნგი ამბობს, რომ კონფლიქტი შეიძლება, წამოიშვას, როდესაც „ტრასტის სერვისები ბანკის ბიზნესის სხვა ნაწილის მიერ არის სუბსიდირებული“. მისივე თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მეურვეებმა გაიტანონ აქტივები კერძო ბანკიდან, მაშინაც კი, თუ ინვესტიციები არაეფექტური ან ცუდად-შერჩეულია.

დავა ამ საქმეში იწყება 2004 წელს, როდესაც ივანიშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა, აირჩია „კრედიტ სუისი“ მისი კუთვნილი 1,1 მილიარდი დოლარის განსათავსებლად. იმავე წელს, ფრანგმა პატრის ლესკადრონმა, რომელიც საუბრობდა რუსულ ენაზე, მაგრამ იმ დროს საბანკო გამოცდილება არ გააჩნდა, დაიწყო მუშაობა ბანკში. ორი წლის განმავლობაში ის მუშაობდა რეგიონის ყველაზე დიდ კლიენტებთან, მათ შორის ივანიშვილთან. მაგრამ, როდესაც კერძო ბანკირმა მისი კლიენტების სახელით დანაკარგი ნახა, მან აღიარა, რომ პანიკაში ჩავარდა და დაიწყო ხელმოწერების გაყალბება, სავაჭრო განკარგულებებსა და ამონაწერების დუბლიკატებს ამზადებდა, რათა მოეგო დრო და ეცადა დანაკარგების კომპენსირება. მისი მაქინაცია 2015 წლამდე არ გამოვლინდა, ვიდრე მსხვილი არასწორი ფსონი ივანიშვილს 120 მილიონი დოლარი დაუჯდა. ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, მეურვეებს, რომლებიც აკონტროლებდნენ აქტივებს, უნდა დაეცვათ და მონიტორინგი გაეწიათ და უნდა ჩარეულიყვნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლესაკადრონის ქცევასთან დაკავშირებით 2006 წელს გამაფრთხილებელი სიგნალები გაჩნდა“, – ნათქვამია „ბლუმბერგის“ სტატიაში.

როგორც ივანიშვილის იურისტები აცხადებენ, მეურვეებს სათანადო გამოძიება რომ ჩაეტარებინათ და შეემოწმებინათ ტრასტი, როგორც ამას კანონი მოითხოვს, ნათელი გახდებოდა, რომ ტრასტის აქტივები უკანონოდ არის მითვისებული ან ხდება ამ აქტივების ინვესტირება იმ პირების მიერ, ვისაც ამის უფლება არ აქვს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ეს განცხადება ივანიშვილის ადვოკატმა კავინდერ ბულმა სასამართლო პროცესის დროს გააკეთა. საპასუხოდ კი „კრედიტ სუისის“ ტრასტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონტრაქტის მიხედვით, მეურვეებს ტრასტიდან გამავალი თანხების კონტროლის ვალდებულება არ ჰქონდათ. მათივე მტკიცებით, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ ივანიშვილს და მის მრჩეველ გიორგი ბაჩიაშვილს.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ტრასტები უკვე მრავალი საუკუნეა, არსებობენ, მოქმედებენ ინგლისის კანონმდებლობით და აქტივების მართვის მომსახურებას სთავაზობენ კლიენტებს. მათი რაოდენობა რთული დასადგენია, თუმცა ევროკავშირში იზრდება ზეწოლა, რათა ტრასტების რეგისტრაცია სავალდებულო გახდეს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ივანიშვილის საქმემ გამოავლინა უთანხმოება, რაც აქტივების მინდობით მართვისას პასუხისმგებლობის დადგენილ ზღვარს უკავშირდება.

სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის თქმით, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეურვეები არ არიან ვალდებულები, იმ კომპანიის გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, რომელიც მინდობით მართვაშია გადაცემული, თუ ისინი შეიტყობენ, რომ რაღაც სერიოზულად დაშავდა, მათ რამე უნდა მოიმოქმედონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ დარღვევის ფაქტობრივი ცოდნის შემთხვევაში, მეურვეები უნდა ჩაერიონ. სასამართლოს მიმდინარეობისას, როდესაც მოსამართლემ ჰკითხა სინგაპურის ტრასტის ყოფილ ხელმძღვანელს, უნდა ჩარეულიყო თუ არა ის, რომ შეეჩერებინა ლესკადრონის არასანქცირებული გადახდები, მან უპასუხა, რომ „არა, ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით“. მისივე თქმით, ის არ დაჰკავშირებია ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ადევნებდა თვალს ტრასტიდან ლესკადრონის არასანქცირებულ გადახდებს, რადგანაც მისი აზრით, ივანიშვილს სურდა, რომ მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონოდა მხოლოდ მის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს. მისივე თქმით, არასანქცირებული გადახდები იმ 1500 სატრასტო სტრუქტურაში, რომელსაც ის ზედამხედველობდა, „იშვიათობას არ წარმოადგენდა“, – წერს „ბლუმბერგი“.

გამოცემის ცნობით, ივანიშვილის საქმეზე ვერდიქტი მომავალი წლის პირველ ნახევარში უნდა გახდეს ცნობილი.