საზოგადოება
„რუსეთის წინააღმდეგ 11 ათასი სანქცია ევროპას დააჩოქებს“ - უნგრელების სახლებში ტემპერატურა +18 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. „დასავლეთის ქვეყნებმა 11000-ზე მეტი სანქცია დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი არაეფექტიანი აღმოჩნდა, მათი შედეგები კი საფრთხეს უქმნის ევროპის ეკონომიკას“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. „ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ 11000 სანქცია მოქმედებს, მაგრამ სამხედრო ქმედებები გრძელდება, რუსების დასუსტების მცდელობები წარმატებული არ ყოფილა. პირიქით, სანქციებით გამოწვეულმა ინფლაციამ და ენერგიის დეფიციტმა შეიძლება დააჩოქოს ევროპა“, - განაცხადა პრემიერმა.

დღესვე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელმა გერგელი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთმა შემოიღო საჯარო დაწესებულებებში გათბობის ლიმიტი არაუმეტეს 18 გრადუსისა. ეს გადაწყვეტილება ევროპაში გაზის გაძვირების ფონზე მიიღეს. შენობებში გათბობის დონის შემცირება ერთ-ერთი ნაბიჯია ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მოხმარების ნებაყოფლობით შესამცირებლად, როგორც ევროკომისიის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გეგმის ნაწილი.