სამართალი
არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, მერწმუნეთ, მართლა შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს და საქართველოს ევროპასთან მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა, მერწმუნეთ, მართლა შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიგრაციის სტატისტიკა დადებითია.

უკვე მიდის მართლაც შეთანხმებული და ორკესტრირებული კამპანია იმისთვის, რომ საზოგადოებას დააჯერონ თითქოს მთელი საქართველო მიდის ქვეყნიდან. ვინც ამაზე განცხადებებს აკეთებდით, მინდა გკითხოთ, იცნობთ თუ არა მიგრაციის სტატისტიკას, იცით თუ არა, რომ მიგრაციის სტატისტიკაში ერთადერთი დადებითი განსხვავება ბოლო 15-20 წლის განმავლობაში სწორედაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ფიქსირდება. იცით თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო მიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო სწორედ თქვენი მმართველობის დროს და საქართველოს ევროპასთან მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა, მერწმუნეთ, მართლა შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში. დღეს, თქვენ გყოფნით თავხედობა და გვადანაშაულებთ, თითქოს ხელისუფლება აკეთებს საქმეს, რის გამოც მოქალაქეები მიდიან ამ ქვეყნიდან. ნახეთ სტატისტიკა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამ საკთხზე მან მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატ ბექა ლილუაშვილს, რომ შემდეგ სხდომაზე გადაამოწმოს მიგრაციის სტატისტიკა და ამის მერე გააკეთოს განცხადებები.