საზოგადოება
მსოფლიო ბანკის ანგარიში: საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიშის – გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები (ქვეყნდება წელიწადში ორჯერ) ივნისის გამოშვება, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს გლობალურ პრესრელიზს, ასევე ანგარიშში საქართველოს შესახებ პროგნოზების მოკლე მიმოხილვას.

საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5-5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით.

ინფლაციის წნეხი იზრდება. მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74 პროცენტი გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით.

საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: (i) უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი; (ii) ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას და (iii) COVID-19 -ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.