საზოგადოება
დიმიტრი პესკოვი: კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას.

„მე უკვე ვისაუბრე ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი ნაბიჯები ამ შემთხვევაში რუსული მხარისგან და აღნიშნულთან დაკავშირებით არ გადადგმულა და არც იგეგმება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა კი განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას რუსეთის შემადგენლობაში, თუმცა მეორე საკითხია, დადგა თუ არა „რეფერენდუმის“ დანიშვნის მომენტი.