პოლიტიკა
ალექსანდრე ჭაჭია: მხოლოდ მოღალატეები არ ისარგებლებდნენ იმ პერიოდით, როდესაც ხელისუფლებაში სერგეი ბაგაფში და მისი თაობის წარმომადგენლები იყვნენ

chachia29 მაისს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაგაფში. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა და ქართველებისადმი დამოკიდებულება იძლეოდა აფხაზებთან პოზიტიური დიალოგისა და ურთიერთობათა მოწესრიგების სერიოზულ საფუძველს. სერგეი ბაგაფშის გარდაცვალებას საქართველოს მმართველი ელიტის ნაწილი ლამის ზარ-ზეიმით შეხვდა, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა და მოვლენათა განვითარება კარგს არაფერს გვიქადის. “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრა ცნობილი პოლიტოლოგი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც პირადად იცნობდა სერგეი ბაგაფშს.

- ბატონო ალექსანდრე, ვიცი, რომ თბილი, მეგობრული ურთიერთობა გქონდათ სერგეი ბაგაფშთან.

- დიახ, სერგეის, მრავალი წელია, ვიცნობ და ძალიან მტკივნეულად განვიცდი მის მოულოდნელ, ნაადრევ გარდაცვალებას. სერგეი ძალიან წესიერი, გულწრფელი, კეთილი ადამიანი იყო, ერთგული მეგობარი, ვინც იცოდა სიტყვის, მეგობრობის ფასი, ვისი ნდობაც ყოველთვის შეიძლებოდა. ის აფხაზეთის მკვიდრთა იმ თაობას მიეკუთვნებოდა, რომელიც გაიზარდა და ჩამოყალიბდა ადამიანებს შორის სუფთა, გულწრფელი ურთიერთობების გარემოში, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეთნიკურ წარმომავლობას და კარგი ადამიანები ერთმანეთთან მხოლოდ იმიტომ მეგობრობდნენ, რომ კარგები იყვნენ. სერგეის სკოლის, ინსტიტუტისა და სხვა მეგობრების საუცხოო წრე ჰყავდა. ამ ადამიანებთან ის მთელი ცხოვრება მეგობრობდა, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს ამქვეყნად აღარ არის. აღარ არის დავით ფილია, არჩილ ადამია... დღეს სერგეიც აღარ არის. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად (ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ), მე მათთან ვმეგობრობდი და თითოეული მათგანის ამქვეყნიდან წასვლას განვიცდი როგორც პირად ტრაგედიას.

- შეიძლებოდა თუ არა თქვენი მეგობრული ურთიერთობების, ბატონი სერგეის პიროვნული თვისებების გამოყენება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ნორმალიზებაში?

- განა საქართველოს ხელმძღვანელობას ოდესმე სურდა აფხაზებთან ურთიერთობის ნორმალიზება? როდესაც შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში, აფხაზეთში მდგომარეობა ერთობ დაძაბული იყო. სოლიკო ხაბეიშვილმა მთხოვა, ჩავსულიყავი სოხუმში და გამერკვია ვითარება. ჩავედი, შევხვდი ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებს, მერე კი სერგეისთან, დავითთან, ალიკ ანქვაბთან, ენვერ კაპბასთან და სხვა საერთო მეგობრებთან ერთად დავსახეთ რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც ვითარების ნორმალიზებას მოახდენდა. მათ გულწრფელად სურდათ დაძაბულობის მოხსნა ურთიერთობებში; სურდათ, თავიდან აეცილებინათ კონფლიქტი, არ დაეშვათ აფხაზეთის მიწაზე სისხლისღვრა.

შევარდნაძისთვის ანალიტიკური ბარათი მოვამზადე და ხაბეიშვილს გადავეცი. რამდენიმე დღეში მან მთხოვა, სოხუმში გავყოლოდი, სადაც პირადად სურდა აფხაზებთან დალაპარაკება. ყველანი დავით ფილიას სახლში შევიკრიბეთ, ძალიან თბილი შეხვედრა იყო, სადაც სრული ურთიერთგაგება სუფევდა. ხაბეიშვილი თბილისში დაბრუნდა, მე კი ზაფხულის ბოლომდე აფხაზეთში დარჩენა გადავწყვიტე. ორ კვირაში სროლის ხმამ გამაღვიძა. ოჩამჩირეზე შევარდნაძის “არწივებმა” გაიარეს, მაშინვე თბილისს მივაშურე, ხაბეიშვილს მივაკითხე და ვკითხე, თუ რა ხდებოდა. მან მიპასუხა, რომ მიღებულია აფხაზეთის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერი, რომელსაც შეუძლია პრობლემის ნებისმიერი ხერხით გადაჭრის უფლება მისცეს თავს. მე მას სიტყვასიტყვით მივუგე: “მოხდა კატასტროფა. მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული საქართველოს წინაშე. ჩვენ ამ ომს წავაგებთ და აფხაზეთს სამუდამოდ დავკარგავთ”. ომის მსვლელობისას რამდენიმეჯერ ვთხოვე ბატონ სოლიკოს,  შევარდნაძისათვის გადაეცა ჩემი ბარათები, რომლებშიც ვთხოვდი, არ შეეიარაღებინა და არ მოეხდინა ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მობილიზება, კონფლიქტი  ეთნიკურ, მეზობელთა შორის ომში რომ არ გადაზრდილიყო. წაგების შემთხვევაში, ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას აფხაზეთის დატოვება არ მოუწევდა. უკანასკნელად რაც ვთხოვე, იყო ის, რომ არ დაეწყოთ სასწავლო წელი 1 სექტემბერს, არ დაებრუნებინათ საომარ ვითარებაში ბავშვები. საბოლოოდ არც ერთი ჩემი თხოვნა და წინადადება არ იქნა გაზიარებული.

ახალი ხელისუფლებაც არაფრით განსხვავდება შევარდნაძის ხელისუფლებისგან. ის, რომ მათ აფხაზეთის დაბრუნება არ აინტერესებთ, მაშინვე გახდა ცხადი, როგორც კი სააკაშვილმა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა ჩააბარა ისეთ ადამიანებს, როგორებიც ხაინდრავა, ვიღაც მალაშხია და იაკობაშვილი არიან. ეს ცხადი გახდა მაშინვე, როგორც კი წამოიწყეს ანტირუსული ისტერია, გააძლიერეს შევარდნაძისეული ბოდვა ნატოში შესვლაზე, ანუ ავტომატურად გამორიცხეს რუსეთის პოზიტიური მონაწილეობის შესაძლებლობა.

2007 წლის შემოდგომაზე დავურეკე ერთ მაღალჩინოსანს სააკაშვილის გარემოცვიდან და ვუთხარი - გზების დაგება კარგია, მაგრამ ხომ არ დადგა აფხაზეთთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმის დრო-მეთქი და შევთავაზე, რომ პირადად გავუწევდი ორგანიზებას სერგეი ბაგაფშის ვიზიტს თბილისში, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ნდობის აღდგენის კუთხით. მისგან შოკისმომგვრელი პასუხი მივიღე - “ეს ახლა აქტუალური არ არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და აფხაზეთის საკითხს საკუთარი მეთოდებით ვაგვარებთ”.

ეს იმიტომ მოვყევი, რომ გასაგები გავხადო - საქართველოს არც ყოფილი და არც ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის აფხაზეთის საკითხი მნიშვნელოვანი არ არის. მათ არა მარტო არ შეუძ­ლიათ, არამედ არც სურთ ამ პრობლემის მოგვარება. მხოლოდ მოღალატეები და დამნაშავეები არ ისარგებლებდნენ ქართველებისა და აფხაზების დასაახლოებლად იმ პერიოდით, როდესაც ხელისუფლებაში სერგეი ბაგაფში და მისი თაობის წარმომადგენლები იყვნენ. აფხაზი პოლიტიკოსების ახალ თაობასთან ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვექნება.

- უკანასკნელად როდის შეხვდით სერგეი ბაგაფშს?

- სერგეის შარშან შემოდგომაზე, წვეულებაზე შევხვდი ჩემი მძახლის ოჯახში (ისინი ახლო მეგობრები არიან). ერთი კვირით ადრე, ვიდრე მოსკოვში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს, მეგობრებთან ერთად სუფრასთან ვიყავი და დავურეკე სოხუმში, მობილურ ტელეფონზე ვერ დავუკავშირდი. მის მეუღლეს ვესაუბრე, მითხრა სტუმრებთანაა შეხვედრაზეო... 29 მაისს, კვირას, საავადმყოფოში უნდა მომენახულებინა, მაგ­რამ დილით ადრე მისი გარდაცვალების შესახებ შემატყობინეს. ძალიან განვიცადე... ძალიან მეტკინა სერგეის წასვლა. სხვათა შორის ერთ თვეში სერგეის ვაჟისა და ჩემი ოჩამჩირელი მეგობრის, ნეირონ ბობუას ქალიშვილის ქორწილი უნდა შემდგარიყო. სერგეის ძალიან უხაროდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა...

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოში უკანასკნელ დროს რიგი მოვლენები მოხდა, რას იტყოდით...

- მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

ესაუბრა დავით ბაზაძე

 

http://geworld.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1859:2011-05-31-21-45-36&catid=293:katpolitika&Itemid=457