საზოგადოება
ჟურნალისტები წერილით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრს

radisson-iveriaდღეს, 31 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მრგვალ მაგიდას მართავს.

შეხვედრაზე განიხილება 26 მაისს საპროტესტო აქციის გაშუქებისას ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წევრებს სტუდია „მონიტორი“ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია 20-წუთიან ფილმს წარუდგენს.

ფილმში გადაღებული არიან ჟურნალისტები, რომლებზეც 26 მაისის ღამეს ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. დაზარალებული ჟურნალისტები შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას საკუთარ ისტორიებს მოუყვებიან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტების მიერ აღწერილ ფაქტებს იურიდიულ შეფასებას მისცემს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე შედგენილ წერილს, რომელიც მოუწოდებს ჟურნალისტური საქმიანობის პატივისცემისაკენ და მოითხოვს ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამოძიებასა და დაზიანებული პროფესიული აპარატურის კომპენსაციას.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ 11 ორგანიზაციას აერთიანებს.