აქტუალური
მოქალაქეებს, რომლებმაც ორი ქვითარი მიიღეს, ექნებათ შესაძლებლობა, დავალიანება მიმდინარე თვის ბოლოს დაფარონ

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. მოქალაქეებს, რომლებმაც ორი ქვითარი მიიღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დავალიანების დასაფარად ვადა თვის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

როგორც სემეკ-ის წარმომადგენელმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, გადახდის რა უკანასკნელი ვადა არის მითითებული ქვითარში, არც ერთი მომხმარებელი ქსელიდან არ გაითიშება.

საქმე ეხება როგორც წყალმომარაგებას, ასევე ელექტროენერგიას.

„მიუხედავად იმ სპეკულაციისა, რაც გვესმის უკვე ორი დღეა, ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი საქართველოში არ გაზრდილა. ყველაფერი იგივეა, არაფერი გაზრდილა. ერთადერთი, შეიცვალა აღრიცხვიანობის სისტემა. იმის გამო, რომ ეს სისტემა შეიცვალა, ზოგიერთმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში გადასახადი არ გაზრდილა. ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ის გაიყო ორად. გარკვეული შეშფოთება გამოითქვა გადახდის ორ ქვითართან დაკავშირებით, მოგვმართა არაერთმა მოქალაქემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი უფლებები დაირღვა. ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიასთან და „ჯივიპისთან“ ერთად, რომ ყველა ის მომხმარებელი, ვინც მიიღო ორი ქვითარი, თუ არ ან ვერ გადაიხდის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან. ანუ, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვეულებრივად, როგორც აქამდე, დავალიანება თვის ბოლოს დაფარონ. ორი ქვითარი და ეს სისტემა იყო ერთჯერადი და თებერვლიდან ყველაფერი ბუნებრივად გასწორდება.

რაც შეეხება გადაცდომებს, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს სემეკს. ძალიან რთული სისტემა შევცვალეთ, არ გამოვრიცხავ ხარვეზებს. მოგვმართონ, აუცილებლად შევისწავლით ყველა შემთხვევას, დავაკორექტირებთ თუ რამეა დასაკორექტირებელი. თუ გამოიკვეთა, რომ სისტემური სახე აქვს გადაცდომებს, ვიმოქმედებთ ძალიან მკაცრად და კომპანიებს შეიძლება, სანქციებიც დავუწესოთ“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.