აქტუალური
ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასულდგმულებენ.

ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ და გავიმეორებ, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. „ქართული ოცნება“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ვიწროპარტიული ინტერესებისთვის მზად არის, გააუქმოს და გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. და მეორე ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ, მზად არის, ვიწროპარტიული ინტერესი, ანუ ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. ეს ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომელიც რომ არ ყოფილიყო, მაგალითად, ლექსო ლაშქარავას საქმეზე არ დაისჯებოდა, არ დაჯარიმდებოდა შსს. ეს ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომელიც რომ არ არსებულიყო, არასრულწლოვანი ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე ძალადობაში ბრალდებული სამართალდამცავი არ დაისჯებოდა და ა.შ“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ ყველაზე მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდა, ხოლო როცა კომიტეტის სხდომაზე ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარეობდა, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო.

ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასულდგმულებენ. ამ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ არის და ჩვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძემ 3 იანვარს განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.