საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ თანხმობაზე: ზოგი ავრცელებს, ვითომ ეს კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის - არა!

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული თანხმობის მიზნით დაწყებული დიალოგის პროცესის მიზანი „ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლება არ არის“.

ამის შესახებ პრეზიდენტი საზოგადოებისადმი საახალწლო მილოცვაში აცხადებს.

„ჩემი ამოცანაც ესაა, ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა ისე, როგორც ზოგი ავრცელებს, რომ ეს ვითომ კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის - არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო - არა! ეს იმისთვის კეთება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ არასოდეს, მომავალ წელს და შემდეგ წლებს აღარ ვთქვათ, „რით გაგახაროთ?“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.